რა არის ADS-B სისტემა?

ADS-B სისტემა ახალი თაობის დაკვირვების სისტემაა, რომელიც თვითმფრინავის პოზიციას განსაზღვრავს სატელიტური ნავიგაციის საშუალებით და ციფრული მონაცემების სახით, ავტომატურად გადმოსცემს საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრს.

ADS-B სისტემა ახდენს ისეთი ინფრომაციის ტრანსლირებას, როგორიცაა: თვითმფრინავის იდენტიფიკაცია (საჰაერო ხომალდის საიდენტიფიკაციო ნომერი, უნიკალური ციფრული კოდი), კოორდინატები, სიმაღლე და სიჩქარე.  ADS-B სისტემა აწვდის  ავიამეთვალყურეებს რეალური დროის მონაცემებს, რომელებიც უმეტეს შემთხვევაში უფრო ზუსტია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც მიიღება სარადარო სისტემებით.  მაგალითად: თუკი მეორადი რადიოლოკატორი ინფორმაციას 4 წამში ერთხელ ანახლებს,  ADS-B სისტემის შემთხვევაში ინფორმაციის განახლება ყოველ  1 წამში  ხდება. გარდა ამისა, ADS-B სისტემას მეორადი რადიოლოკატორისაგან განსხვავებით არ სჭირდება სიგნალი ხმელეთიდან.

ADS-B სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოების დონეს. ამ თანამედროვე სისტემისგან მიღებული დაზუსტებული მონაცემების საშუალებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლი – თვითმფრინავების პოზიცირება და სეპარაცია – ხდება უფრო სწრაფად და ეფექტურად. ADS-B საშუალებას იძლევა მარტივად მოხდეს კონფლიქტის იდენტიფიცირება და თავიდან აცილება.

ADS-B სისტემებს გააჩნია შემდეგი დადებითი მხარეები:

  • სისტემის და ექსპლუატაციის დაბალი ღირებულება;
  • მინიმალური ინფრასტრუქტურა;
  • გამოიყენება როგორც საჰაერო ხომალდებისთვის, ასევე სხვა მოძრავ საშუალებებზე;
  • ინფორმაციის განახლების მაღალი სიხშირე (1 წამი);
  • დაბალი შეყოვნება;
  • მაღალი სიზუსტე;

მეორადი რადიოლოკატორების (MSSR ან Mode S) და ADS-B სისტემების ერთობლივ გამოყენებას გააჩნია სხვა ბევრი დადებითი მხარე.

აღსანიშნია ისიც, რომ ADS-B სისტემების გამოყენება მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიის რთული რელიეფის და რეგიონული  განვითარების გათვალისწინებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“  ფრენების უსაფრთოხების ზრდის და რადიოლოკაციური ქსელის გაფართოების მიზნით, მიიღო  გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე დაენერგა ADS-B სისტემები, რაც  2014-2018 წლებში განხორციელდა. აღნიშნული სისტემის დანერგვის საჭიროება მით უფრო მაშინ გახდა დადგა, რაც საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა გახდა და საჰაერო სივრცის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად მიმდინარეობს   ჩეხური კომპანია „ERA”-ს მიერ წარმოებული 4 ერთეული ADS-B სისტემის ექსპლუატაციაში მიღების და აღიარების პროცედურები, რის შემდეგაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადაფარული იქნება 7 ADS-B სადგურით.

აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე სისტემის დანერგვა მკვეთრად აამაღლებს ფრენების უსაფრთხოებას და მთელი საქართველოს საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური ინფორმაციით გადაფარვას.

Advertisements