10 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო ინტერვენციამ თავისი მძიმე კვალი საქაერონავიგაციის ისტორიაშიც დატოვა.

11 აგვისტოს 03:37:57 საათზე, ქვიშიანას მთაზე მდებარე პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის ანტენაზე რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდის მიერ მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სრულიად განადგურდა რადიოსალოკაციო სადგური.

სარადარო სისტემის განადგურების შემდეგ, ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს გარკვეული დროის განმავლობაში ვიზუალიზაციის გარეშე უწევდათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს იერიში არამარტო სანავიგაციო რადიოლოკატორზე, არამედ უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრზეც მიეტანა, საქაერონავიგაციის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე დარჩა, მათთან ერთად იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის 11 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ოკუპირებული იყო შპს „საქაერონავიგაციის“ სენაკის მეორადი სალოკაციო სადგური MSSR, რომელიც მდებარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სენაკში. ცამეტი დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს დატყვევებული ჰყავდათ საქაერონავიგაციის 5 თანამშრომელი. 18 აგვისტოს 15:15 საათზე ძალის გამოყენებით მოხდა მეორადი რადიოლოკატორის გათიშვა. 21 და 22 აგვისტოს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის ძარცვა.

საომარი მოქმედებების შედეგად გაიძარცვა და განადგურდა შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილი 4 000 000 ლარის ღირებულების ქონება.

მალევე, საქაერონავიგაციამ რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული სისტემები ფრანგული კომპანია THALES-ის ახალი რადიოლოკატორით ჩაანაცვლა.

Advertisements