რა არის ADS-B სისტემა?

ADS-B სისტემა ახალი თაობის დაკვირვების სისტემაა, რომელიც თვითმფრინავის პოზიციას განსაზღვრავს სატელიტური ნავიგაციის საშუალებით და ციფრული მონაცემების სახით, ავტომატურად გადმოსცემს საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრს.

ADS-B სისტემა ახდენს ისეთი ინფრომაციის ტრანსლირებას, როგორიცაა: თვითმფრინავის იდენტიფიკაცია (საჰაერო ხომალდის საიდენტიფიკაციო ნომერი, უნიკალური ციფრული კოდი), კოორდინატები, სიმაღლე და სიჩქარე.  ADS-B სისტემა აწვდის  ავიამეთვალყურეებს რეალური დროის მონაცემებს, რომელებიც უმეტეს შემთხვევაში უფრო ზუსტია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც მიიღება სარადარო სისტემებით.  მაგალითად: თუკი მეორადი რადიოლოკატორი ინფორმაციას 4 წამში ერთხელ ანახლებს,  ADS-B სისტემის შემთხვევაში ინფორმაციის განახლება ყოველ  1 წამში  ხდება. გარდა ამისა, ADS-B სისტემას მეორადი რადიოლოკატორისაგან განსხვავებით არ სჭირდება სიგნალი ხმელეთიდან.

ADS-B სისტემა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფრენების უსაფრთხოების დონეს. ამ თანამედროვე სისტემისგან მიღებული დაზუსტებული მონაცემების საშუალებით, საჰაერო მოძრაობის კონტროლი – თვითმფრინავების პოზიცირება და სეპარაცია – ხდება უფრო სწრაფად და ეფექტურად. ADS-B საშუალებას იძლევა მარტივად მოხდეს კონფლიქტის იდენტიფიცირება და თავიდან აცილება.

ADS-B სისტემებს გააჩნია შემდეგი დადებითი მხარეები:

  • სისტემის და ექსპლუატაციის დაბალი ღირებულება;
  • მინიმალური ინფრასტრუქტურა;
  • გამოიყენება როგორც საჰაერო ხომალდებისთვის, ასევე სხვა მოძრავ საშუალებებზე;
  • ინფორმაციის განახლების მაღალი სიხშირე (1 წამი);
  • დაბალი შეყოვნება;
  • მაღალი სიზუსტე;

მეორადი რადიოლოკატორების (MSSR ან Mode S) და ADS-B სისტემების ერთობლივ გამოყენებას გააჩნია სხვა ბევრი დადებითი მხარე.

აღსანიშნია ისიც, რომ ADS-B სისტემების გამოყენება მიზანშეწონილია საქართველოს ტერიტორიის რთული რელიეფის და რეგიონული  განვითარების გათვალისწინებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“  ფრენების უსაფრთოხების ზრდის და რადიოლოკაციური ქსელის გაფართოების მიზნით, მიიღო  გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე დაენერგა ADS-B სისტემები, რაც  2014-2018 წლებში განხორციელდა. აღნიშნული სისტემის დანერგვის საჭიროება მით უფრო მაშინ გახდა დადგა, რაც საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა გახდა და საჰაერო სივრცის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად მიმდინარეობს   ჩეხური კომპანია „ERA”-ს მიერ წარმოებული 4 ერთეული ADS-B სისტემის ექსპლუატაციაში მიღების და აღიარების პროცედურები, რის შემდეგაც საქართველოს საჰაერო სივრცე გადაფარული იქნება 7 ADS-B სადგურით.

აღნიშნული ტექნიკური საშუალებების კომპლექსი სრულ შესაბამისობაშია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ავტომატიზირებულ სისტემასთან (INDRA). ასევე სისტემის დანერგვა მკვეთრად აამაღლებს ფრენების უსაფრთხოებას და მთელი საქართველოს საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური ინფორმაციით გადაფარვას.

Advertisements

რადარი

ტერმინი რადარი 1941 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების მიერ იქნა გამოყენებული (RADAR – radio detection and ranging). დანადგარი პირველად ქრისტიან ჰუელსმეიემა გამოიყენა 1904 წელს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადარის დანერგვასთან ერთად, რევოლუციური სისწრაფით განვითარდა საჰაერო მიმოსვლის კონტროლი და შესაბამისად, ავიამეთვალყურის პროფესია.

რადარს დღესდღეობით იყენებენ სამოქალაქო და სამხედრო ავიაციაში. ასევე არსებობს რადარები საზღვაო, მეტეოროლოგიური, ასტრონომული დანიშნულებისათვის.

რადარს შეუძლია დაადგინოს სად მდებარეობს ობიექტი, ასევე განსაზღვრავს ობიექტის სისწრაფეს, მოძრაობას და ა.შ.

რადარი

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ევროკონტროლის მოთხოვნების  თანახმად, ყოველი აეროპორტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთმაგი პირველადი რადიოლოკაციური გადაფარვით და ორმაგი (გარანტირებული) მეორადი რადიოლოკაციური გადაფარვით.

დღეისათვის „საქაერონავიგაცია“-ს აქვს ოთხი უახლესი ტიპის რადიოსალოკაციო  სადგური.

თბილისში, ქვიშიანას მთაზე საქაერონავიგაციამ უზრუნველყო “THALES Air Systems”-ის ფრანგული წარმოების მეორადი სატრასო ლოკატორის RSM970S დამონტაჟება, პროექტი განხორციელდა 2008 წელს.

გარანტირებული ორმაგი მეორადი გადაფარვის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის, წარმოიშვა მეორადი და ერთი პირველადი ლოკატორის საჭიროება.

პირველადი რადიოლოკატორი, პირველ რიგში, აუცილებელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო ხაზებზე მანევრირების გასამარტივებლად, ასევე უადვილებს ხომალდს მისთვის მისაღები ფორმით არჩეული დაშვების პროცედურებს.

საფრანგეთის და საქართველოს მთავრობებს შორის 2008 წელს გაფორმებული კონვენციის  ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ტერიტორიაზე 2009 წელს განხორციელდა “THALES Air Systems”-ის  პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სადგურის RSM970S STAR 2000 პროექტი.

აღნიშნული სარადარო სისტემა, წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს რადიოლოკაციის დარგში და აღჭურვილია ყველა თანამედროვე ფუნქციით.

დასავლეთის ზონაში,  ქ. ფოთის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე “THALES Air Systems”-ის მეორადი სატრასო რადიოსალოკაციო სადგურის RSM970S პროექტი დასრულდა 2011 წლის აპრილში.

2011 წლის ზაფხულში განხორციელდა სენაკის Nortrop Grumman-ის წარმოების ამერიკული რადიოსალოკაციო სადგურის სრული მოდერნიზაცია, ესპანური კომპანია INDRA-ს IRS-20MP/S სისტემებით.

რადიოსალოკაციო სადგურები აღჭურვილია Mode S რეჟიმებით, რაც უზრუნველყოფს საჰაერო ხომლადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას და ავიამეთვალყურეს უადვილებს სამუშაო პროცესს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების საფუძველზე სრულად მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების ორმაგი მეორადი რადიოლოკაციური ველით გადაფარვა, რაც საქაერონავიგაცია-ს საშუალებას აძლევს სრულად დააკმაყოფილოს  საერთაშორისო ორგანიზაციებს მოთხოვნები რადიოლოკაციის სფეროში, განმატკიცოს და გაზარდოს ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი.