პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურ სამსახურში

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეტეოროლოგიურ ოფისებში, ფრანგული კომპანია COROBOR SYSTEMS-ის მიერ MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია დამონტაჟდა.

ბადრი ჯიჯელავა

სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური ბანკებიდან  როგორც ფაქტიურ, ასევე პროგნოსტიკულ, საეროდრომო და სატრასო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებს იღებს. სისტემა ინგლისში არსებული მეტეოროლოგიური დანიშნულების სერვერიდან (SADIS-დან) იღებს NWP – ციფრულ პროგნოსტიკულ მოდელებს, რომელიც მნიშვნელოვანი ასპექტია საეროდრომო/სატრასო პროგნოსტიკული შეტყობინების შესადგენად.

ICAO-ს მესამე დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს საეროდრომო პროგნოზების (TAF) შემოწმებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის და სამომავლოდ ამბროლაურის აეროპორტებისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელიდან ავტომატურ რეჟიმში იღებს საფრენოსნო გეგმებს და საფრენოსნო გეგმების საფუძველზე ქმნის წინასაფრენონსნო მეტეოოროლოგიურ ინფორმაციას – ე. წ. საფრენოსნო საქაღალდეს, გარდაქმნის მას რა PDF ფორმატში აგზავნის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სინოპტიკოსებს წინასწარ განსაზღვრულ ელ-ფოსტაზე.

MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის აღნიშნული ფუნქციები აადვილებს პროგნოზების შედგენას, ამაღლებს პროგნოზების გამართლების მაჩვენებლებს, ავითარებს თვითკრიტიკას, აადვილებს ეკიპაჟის ოპერატიულ მომსახურებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის ფაქტორი. აღნიშნული სისტემის ოპერირება სამომავლოდ აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურ სამსახურში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და  2017 წელს ჩატარებული აუდიტის საფუძველზე სამსახურს ISO 9001:2015 სერთიფიკატი გადაეცა. ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს რისკებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის თბილისში, ქვიშიანას ნიშნულ 1100-ზე დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს მოსაზღვრე ქვეყნებთან გაცვალოს მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში (FIR).

საქაერონავიგაცია 2015 წელს

 

2015 წელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციისთვის“  წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მთელი წლის განმავლობაში, კომპანიის ყველა სამსახური აქტიურად იყო ჩართული ფრენის უსაფრთოხების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ, სხვადასხვა ღონისძიებაში. ფრენების გაზრდილ რაოდენობას „საქაერონავიგაცია“ მომზადებული შეხვდა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი. 2015 წელს  დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, აშენდა ახალი ობიექტები, ხელი მოეწერა  უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებებს და საბოლოო ჯამში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

 

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი

 კლიმატოლოგიური ცნობარი

„საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის ინიციატივით, 2015 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი (Climatological Summary of Georgian Aerodromes), რომელიც კომპანიის მეტეოროლოგიური სამსახურმა მოამზადა.

მასში მოცემულია თბილისის (UGTB), ქუთაისისა (UGKO) და ბათუმის (UGSB) საერთაშორისო აეროპორტების მეტეოროლოგიურ სადგურებზე 2010-2014 წლების მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგების სტატისტიკური ანალიზი.

კლიმატოლოგიურ ცნობარში მოცემული ინფორმაცია საავიაციო მიზნებისთვის არის განკუთვნილი. ამ ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრე უფლებამოსილია მასალა პროფესიონალური თვალსაზრისით გამოიყენოს.

 

 

World ATM Congress 2015

 

2015 წლის მარტში,საქაერონავიგაციის“ დელეგაციამ მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესში (World ATM Congress 2015) მიიღო მონაწილეობა. კონგრესის პარალელურად სამ ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც  “ერთიანი ევროპული ცის” კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს ჩართვას და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების საჰაერო მოძრაობის პროვაიდერებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

ამასთან ერთად,  „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციამ შეხვედრები გამართა საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL)  გენერალურ დირექტორთან, ფრენკ ბრენერთან და  სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიების წარმომადგენლებთან.

 

 

 მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა ქუთაისში

 ნათია მიქელაძე, გოჩა მეზვრიშვილი

გასული წლის გაზაფხულზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გაიხსნა,სადაც  მეტეოროლოგიური დამკვირვებლის სამუშაო ადგილი მოეწყო და  ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი განთავსდა. ცენტრი აღიჭურვა საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს.

 

“INDRA SISTEMAS S.A.”-სთან გაფორმებული ხელშეკრულება

ინდრასთან გაფორმებული ხელშეკრულება

 

შპს „საქაერონავიგაციის“ საქმიანობაში 2015 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს  “INDRA SISTEMAS S.A.”-სთან, 10 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ესპანური კომპანიისაგან საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვას გულისხმობს.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას. ახალი სისტემების დამონტაჟება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მაღალი დონის სანავიგაციო  მომსახურება უფრო მეტ ავიაკომპანიას გაუწიოს. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტურს და კომფორტულს გახდის.

 

საქაერონავიგაციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა

ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა

2015 წელს  შპს „საქაერონავიგაციის“ ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებს. პროექტი 2016 წელს დასრულდება. პარალელურად, მთელი წლის მანძილზე, აქტიურად მიმდინარეობდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული “INDRA SISTEMAS S.A.”-ს სისტემა სწორედ აქ დამონტაჟდება.

 

ახალი ავიამეთვალყურეები

ავიამეთვალყურეები

ფრენების გაზრდილი რაოდენობის გამო, „საქაერონავიგაციამ“ დამატებითი ავიამეთვალყურეების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნა 12 ავიამეთვალყურე –  5 თბილისში, 4 ქუთაისში და 3 ბათუმში. კონკურსში გამარჯვებულები პროფესიას ჩეხეთში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საავიაციო უნივერსიტეტში ეუფლებიან.

 

ახალი მეტეორადიოლოკატორი

 მეტეორადიოლოკატორი

კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კომპანიამ გასულ წელს განახორციელა, ახალი მეტეორადიოლოკატორის ექსპლუატირება გახლდათ. თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“, ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა. მისი მეშვეობით, შპს “საქაერონავიგაციას” შესაძლებლობა ექნება, მუდმივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება. ფრენების უსართხოებისა და პოტენციური საჰაერო ინციდენტების დროული და ეფექტური პრევენციის მიზნით, მოხდება ნებისმიერი მეტეოროლოგიური საფრთხის იდენტიფიცირება და საფრენოსნო ხომალდებისთვის დროული სიგნალის მიწოდება.

მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.

ახალი, ამერიკული წარმოების ლოკატორი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეოოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველყოფს. საუკეთესო ამერიკული პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მაშსტაბით, ერთერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს.

 

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა

 

შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომელთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევით უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიის გენერალური დირექტორის ბრძანებით,  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2015 წლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეხვედრები გამართა კომპანიის თანამშრომლებთან, სამეთვალყურეო  საბჭოსთან, სადაზღვევო კომპანიებთან და ევროკონტროლის საპენსიო ფონდის ექსპერტებთან.

აღსანიშნავია, რომ “საქაერონავიგაცია” არის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც 2004 წლის შემდეგ პირველმა გადაწყვიტა არასახელმწიფო საპენსიო ფონდის დაფუძნება. მუშაობა ამ საკითხზე, ევროკონტროლის წარმომადგენლებთან ერთად, წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. სხვადასხვა ინსტიტუციონალური ერთეულების წარმომადგენლებმა საქაერონავიგაციის ინიციატივას მაღალი შეფასება მისცეს და სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
არასახელმწიფო საპენსიო ფონდი შპს “საქაერონავიგაციაში” მომავალი წლიდან ამოქმედდება.

 

სოციალური პასუხისმგებლობა

შპს „საქაერონავიგაცია“ 2015 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. კომპანიის თანამშრომლები, საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად,  ყოველთვიურად ახორციელებენ დონაციას „სოლიდარობის ფონდში“.

გოჩა მეზვრიშვილი

გარდა ამისა, გასულ წელს  შპს „საქაერონავიგაციამ“  “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” ოჯახის გაძლიერების პროექტის მოზარდ ბენეფიციარებს უმასპინძლა. შემეცნებითი-სასწავლო ტური ახალგაზრდობის დასაქმების საერთაშორისო ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა. მოზარდებმა დაათვალიერეს თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი და სამეთვალყურეო კოშკი, ნახეს, თუ როგორ მუშაობენ ავიამეთვალყურეები და როგორ ხდება ხმელითადან ცაში საჰაერო მოძრაობის დროული და თანმიმდევრული მართვა. “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა, ბავშვებს კომპანიის ბრენდირებული სასაჩუქრე პაკეტები და შემეცნებითი ჟანრის წიგნები გადასცა საჩუქრად.

საქაერონავიგაციამ, თავისი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. საქველმოქმედო მარათონის „ცა-მეტია, ვიდრე 13“  ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და ფონდში 57 700 ლარი გადარიცხეს.