პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურ სამსახურში

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეტეოროლოგიურ ოფისებში, ფრანგული კომპანია COROBOR SYSTEMS-ის მიერ MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია დამონტაჟდა.

ბადრი ჯიჯელავა

სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური ბანკებიდან  როგორც ფაქტიურ, ასევე პროგნოსტიკულ, საეროდრომო და სატრასო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებს იღებს. სისტემა ინგლისში არსებული მეტეოროლოგიური დანიშნულების სერვერიდან (SADIS-დან) იღებს NWP – ციფრულ პროგნოსტიკულ მოდელებს, რომელიც მნიშვნელოვანი ასპექტია საეროდრომო/სატრასო პროგნოსტიკული შეტყობინების შესადგენად.

ICAO-ს მესამე დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს საეროდრომო პროგნოზების (TAF) შემოწმებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის და სამომავლოდ ამბროლაურის აეროპორტებისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელიდან ავტომატურ რეჟიმში იღებს საფრენოსნო გეგმებს და საფრენოსნო გეგმების საფუძველზე ქმნის წინასაფრენონსნო მეტეოოროლოგიურ ინფორმაციას – ე. წ. საფრენოსნო საქაღალდეს, გარდაქმნის მას რა PDF ფორმატში აგზავნის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სინოპტიკოსებს წინასწარ განსაზღვრულ ელ-ფოსტაზე.

MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის აღნიშნული ფუნქციები აადვილებს პროგნოზების შედგენას, ამაღლებს პროგნოზების გამართლების მაჩვენებლებს, ავითარებს თვითკრიტიკას, აადვილებს ეკიპაჟის ოპერატიულ მომსახურებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის ფაქტორი. აღნიშნული სისტემის ოპერირება სამომავლოდ აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურ სამსახურში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და  2017 წელს ჩატარებული აუდიტის საფუძველზე სამსახურს ISO 9001:2015 სერთიფიკატი გადაეცა. ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს რისკებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის თბილისში, ქვიშიანას ნიშნულ 1100-ზე დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს მოსაზღვრე ქვეყნებთან გაცვალოს მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში (FIR).

Advertisements

ICAO-ს აღმ. ევროპის რეგიონის მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფის შეხვედრა

1-3 აპრილს თბილისში ICAO-ს აღმ. ევროპის რეგიონის მეტეოროლოგიური საპროექტო ჯგუფის (PT/EAST/14 METG ) რიგით მეთოთხმეტე და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის (WG-3) რიგით მესამე ერთობილივი შეხვედრა იმართება. ღონისძიებას ესწრებიან  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ICAO) და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენლები.

PT/EAST METG WG-3

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია საქაერონავიგაციის მეტეოროლოგიური სამსახურის შესახებ. ისინი განიხილავენ სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს, მსჯელობენ საავიაციო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ხარისხის მართვის დანერგვის შესახებ.

შეხვედრას საქაერონავიგაციის მხარდაჭერით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მასპინძლობს.