12 ნოემბერი ინჟინერ/ტექნიკოსთა საერთაშორისო დღე

12 ნოემბერი ავიაციის სფეროში ინჟინერ/ტექნიკოსთა (ATSEP) საერთაშორისო დღეა. როდესაც ვსაუბრობთ ფრენების უსაფრთხოებაზე, ყოველთვის აღვნიშნავთ მფრინავებისა და ავიამეთვალყურეების დამსახურებას, თუმცა ხშირად გვავიწყდება საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ინჟინერ/ტექნიკოსები,  რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ უსაფრთხო ფრენების განხორციელების საქმეში.

საჰაერო მოძრაობის მართვისას უმნიშვნელოვანესია ტექნიკური უზრუნველყოფა, ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სისტემების სპეციფიკაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია, დაკალიბრება, ორგანიზება და მონიტორინგი. ამ ყველაფერს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფს, რომელიც არაერთი სამსახურისაგან შედგება.

ეს სამსახურებია:

  • ოპერატიული მართვის სამსახური;
  • საორგანიზაციო ტექნიკური საქმიანობის სამსახური;
  • ფრენების ელექტრო შუქ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
  • რადიონავიგაციის სამსახური
  • კომუნიკაციების სამსახური
  • რადიოლოკაციის სამსახური
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
  • ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
  • შიდა მონიტორინგის ჯგუფი

 

თითოეული ამ სამსახურის გარეშე საჰაერო მოძრაობის მართვა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა.   მაგალითად, რადიოლოკაციის სამსახური საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურებას საიმედო  და ზუსტი რადიოლოკაციური ინფორმაციით უზრუნველყოფს.

senaki

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ავიამეთვალყურეს  საჰაერო მიმოსვლის მართვის უზუნველსაყოფად ჭირდება, იქნება ეს სალოკაციო ინფორმაცია, მეტეოროლოგიური თუ სხვა, ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში იყრის თავს. ეს უკანასკნელი სალოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის უწყვეტი და უხარვეზო დამუშავებასა და საჰაერო მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენა-დაფრენაზე,  რადიონავიგაციის სამსახური ზრუნავს. ეს სამსახური პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე, რომელიც ეხმარება საჰაერო ხომალდს განახორციელოს ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. მაგალითად, ინსტრუმენტალური დაშვების სისტემა (ILS) წარმოადგენს თვითმფრინავის „გზამკვლევს“. ის უზრუნველყოფს, რომ საჰაერო ხომალდმა ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოდ განახორციელოს ზუსტი დაფრენა.

ils1

თვითმფრინავის გზამკვლევია,  ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დამონტაჟებული შუქ-ტექნიკა, რომლის გარეშეც ფრენა წარმოუდგენელია, ღამით და დაბალი ხილვადობის დროს. გარდა ამისა, ფრენების ელექტრო შუქ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური შპს „საქაერონავიგაციის“ ყველა ობიექტის გარანტირებულ  და საიმედო ელექტრო მომარაგებაზე ზრუნავს.

14732309_1541610812523024_2236103391929616780_n

საჰაერო მოძრაობის მართვისას ძირითადი საშუალება რადიოკავშირია, რომელიც წარმოადგენს „მიწა-ჰაერი“-ს ტიპის კავშირს ავიამეთვალყურესა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის, განხორციელებულს ულტრამოკლე ტალღოვან სპექტრულ დიაპაზონში.  მაღალხარისხიანი,  უწყვეტი და საიმედო საავიაციო კავშირებით უზრუნველყოფა შპს „საქაერონავიგაციის“ კომუნიკაციების სამსახურის პრეროგატივაა.

უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, ასევე, ოპერატიული მართვის სამსახურს, რომელიც ტექნიკური კომპლექსის და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებს შორის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციას და ტექნიკური კომპლექსის ოპერატიული ცვლების მუშაობის კონტროლს უზრუნველყოფს. ოპერატიული მართვის სამსახურის ცვლის უფროსებს უშუალო კონტაქტი აქვთ ფრენების ხელმძღვანელთან. მათი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური ლოკალური ქსელის ინფრასტრუქტურის და ინტერნეტ კავშირის მართვასა და ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

ყველა ამ სამსახურის ცენტრალიზებული და ერთგვაროვანი მუშაობის კოორდინაციას და გაწეული მომსახურების ანალიზს საორგანიზაციო ტექნიკური საქმიანობის სამსახური უზრუნველყოფს. ტექნიკური კომპლექსის სამსახურების საექსპლუატაციო-ტექნიკური დოკუმენტაციის მონიტორინგს კომპანიის შიდა მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს.

ტექნიკური კომპლექსის ყველა თანამშრომელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შპს „საქაერონავიგაციის“ უმთავრესი მისიის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით, ინჟინერ/ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებისა და გადამზადების სხვადასხვა კურსებს, რათა მათი პროფესიონალიზმი შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

12 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არსებობენ საავიაციო სპეციალისტები, სამსახურები და ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საჰაერო ხომალდები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ყოველგვარი საავიაციო ინციდენტის გარეშე გადაადგილდნენ. საქართველოს საჰაერო სივრცეში თითოეული უსაფრთხოდ განხორციელებული ფრენა ტექნიკური კომპლექსის თავდაუზოგავი და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგია.

 

Advertisements