ცენტრალიზებული სერვისები

რატომ არის საჭირო ცენტრალიზებული სერვისები?

უკვე 10 წელზე მეტი გავიდა, რაც ევროკომისიამ ერთიანი ევროპული ცის პროგრამა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ევროპაში ყველა ქვეყანას ჯერ კიდევ საკუთარი საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი ჰყავს,  საჰაერო მიმოსვლის მართვის საკუთარი სისტემებით, მეტეოსერვისით და ა.შ. კომისიამ შეიმუშავა 9 ფუნქციური ბლოკი ამგვარი ფრაგმენტაციის სანაცვლოდ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ერთიანი ევროპული ცის კვლევისა და განვითარების პროგრამის (SESAR) იმპლიმენტაციის ფაზაში ევროკონტროლი ახალი ინიციატივით გამოდის და წევრ სახელმწიფოებს ცენტრალიზებული სერვისების პროგრამას თავაზობს. საერთაშორისო ორგანიზაციამ  ცენტრალიზებულ, ევროპულ დონეზე განსახორციელებელი დაახლოებით 9 სერვისის იდენტიფიცირება მოახდინა და წარუდგინა ისინი სახელმწიფოებს. ცენტრალიზებული სერვისების პროგრამის მიხედვით, თუ ევროკონტროლის 40 წევრ სახელმწიფოში არ იქნება დუბლირებული სისტემები, მაშინ შესაძლებელი გახდება თანხის დაზოგვა და დამატებითი ბენეფიტების მიღება, როგორიცაა მეტი საიმედობა, გაუმჯობესებული თამიმდევრულობა და თავსებადობა.

ევროკონტროლს დიდი გამოცდილება აქვს ცენტრალიზებული სერვისების განხორციელებაში. ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა და დღემდე წარმატებით მუშაობს ცენტრალური ნაკადების მართვის ერთეული, ევროპის სააერნაოსნო მონაცემთა ბაზა, ცენტრალური სამარშრუტო ხარჯების ოფისი.

ცენტრალიზებული სერვისები წინგადადგმული ნაბიჯია ხარჯების ეფექტურობის, ფრაგმენტაციის დაძლევის და საერთო ჯამში ერთიანი ევროპული ცის დანერგვის კუთხით.

130429-CS-Airlines

რა არის ცენტრალიზებული სერვისი?

ცენტრალიზებული სერვისები არის:

  • საჰაერო ნავიგაციის დამხმარე სერვისი ან დაკავშირებული ფუნქცია.
  •  გამოცდილია ცენტრალური ევროპული ქსელის დონეზე
  • მოაქვს განსაზღვრული ბენეფიტები ხარჯ-ეფექტურობის და ჰარმონიზაციის კუთხით.
  • ასრულებს მნიშვნელოვან როლს შესასრულებელი მიზნების განხორციელებაში წევრი სახელმწიფოებისათვის.
  • ხელს უწყობს SESAR-ის პროექტების განხორციელებას ცენტრალურ ბაზაზე.
  • ხელს უწყობს დამხმარე სერვისების დაშლას, დანაწევრებას.
  • საშუალებას აძლევს სერვისის პროვაიდერებს და ATM მწარმოებლებს, რომ იმუშაონ ერთად, რათა აწარმოონ სერვისი, რომელიც იქნება ნაციონალურ საზღვრებს მიღმა, ევროპულ დონეზე.
  • ხდის ბაზარს კონკურენტუნარიანს.
  • საშუალებას იძლევა განხორციელდეს სერვისები, რომელიც დაფუძნებული იქნება კონტრაქტებზე ევროკონტროლსა და სერვისის პროვაიდერებს შორის.

ევროკონტროლმა შეიმუშავა ცენტრალიზებული მომსახურებების შემდეგი პროექტები:

CS#1
ფრენის გეგმისა და აეროპორტის სლოტების თანმიმდევრულობის სერვისი (FAS).

CS#2
4D ტრაექტორიის ფრენის პროფილის გაანგარიშება დაგეგმვის მიზნით. (4DPP)

CS#3
ევროპული სამეთვალყურეო სერვისი (ETKR)

CS#4
საჰაერო სივრცის უფრო მოქნილი და ფლექსიბური გამოყენების მხარდაჭერის სერვისი (AFUAS)

CS#5
ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის ინფორმაციის მენეჯმენტის სერვისი (EAIMS)

CS#6-1
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/გადამცემის კოდის ფუნქცია (CNR-TCF)

CS#6-2
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/MODE S გამომკითხველი კოდის გამოყოფა (CNR-MICA)

CS#6-3
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/რადიო სიხშირის ფუნქცია (CNR-RFF)

CS#6-4
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/ევროპის შეტყობინებების გადაცემის დირექტივის სერვისი. (CNR-EMDS)

CS#6-5
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/ევროპული IPS სისტემის საცავი (CNR-EIPR)

CS#6-6
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/უშიშროების სერთიფიცირების მომსახურება (CNR-SCS)

CS#6-7
ერთიანი ქსელის რესურსების მართვის მომსახურება/ქსელის უშიშროების ოპერირება და კოორდინაცია (CNS-OCNS)

CS#7-1
ქსელის ინფრასტრუქტურის განხორციელების მონიტორინდისა და ანალიზის მომსახურება/Data-link კომუნიკაციის განხორციელების მონიტორინგი, აღჭურვილობის მონიტორინგი, TCAS და RVSM. (NIPS/CNS-PERF)

CS#7-2
ქსელის ინფრასტრუქტურის განხორციელების მონიტორინდისა და ანალიზის მომსახურება/1030/1090 რადიოსიხშირეთა რიგის შესრულება. (NIPS/SUR-RF)

CS#7-3
ქსელის ინფრასტრუქტურის განხორციელების მონიტორინდისა და ანალიზის მომსახურება/სატელიტური ნავიგაციის მონიტორინგი და პროგნოზირება.(NIPS/SAT-NAV)

CS#8
პანევროპული ქსელის მომსახურება. (PENS)

CS#9-1
მონაცემთა კომუნიკაციის სერვისები/სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა (DCS/TELE-INFRA)

CS#9-2
მონაცემთა კომუნიკაციის სერვისები/CPDLC,CM, ADS-C სერვერი (DCS/CCA-SERVER)

აღნიშნული მომსახურებებს ტენდერში გამარჯვებული სახელმწიფოები განახორციელებენ ევროკონტროლის წევრი 40 სახელმწიფოს მაშტაბით. აქედან გამომდინარე, საჰაერო მოძრაობის მართვის ინდუსტრია კონკურენტუნარიანობას იძენს. ამას თავის მხრივ დიდი გავლენა ექნება ხარჯების შემცირების და საჰაერო სივრცის მომხმარებლებისათვის უფრო ეფექტური სერვისის შეთავაზების კუთხით.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ლინკ

საინფორმაციო რესურსი: http://www.eurocontrol.int/

Advertisements

ევროკონტროლის დირექტორი მოუწოდებს სახელმწიფოებს დაანგრიონ მონოპოლიები

2014 წლის 3 ივლისს, ‘ ECAC-EU dialogue on Air Transport competitiveness ‘  შეხვედრის ფარგლებში,  ევროკონტროლის გენერალურმა დირექტორმა,  ფრენკ ბრენერმა თავის მიმართვაში ყურადღება გაამახვილა ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობაზე. მან მოუწოდა სახელმწიფოებსა და საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს, რომ  დაანგრიონ მონოპოლიები და შექმნან საჰაერო მოძრაობის მართვის დამხმარე მომსახურებების კონკურენტუნარიანი ბაზარი ევროპაში.

ბრენერმა ასევე ისაუბრა ევროკონტროლის ცენტრალიზებული სერვისების ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ ეს პროექტი საშუალებას მისცემს საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს, რომ  გასცდნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და გაუწიონ ევროპული მომსახურება ევროკონტროლის 40 წევრ სახელმწიფოს. “პირველი ნაბიჯი ყოველთვის დამაფიქრებელია, თუმცა ამასთანავე ადვილია, რადგან ის გვეხმარება დავიჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია – რომ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ევროპის კონკურენტუნარიანობა.” – განაცხადა ევროკონტროლის დირექტორმა.

World ATM Congress 2014: ინდუსტრია – ინდუსტრიისთვის!

4-6 მარტს, ქალაქ მადრიდში საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი (World ATM Congress 2014) ჩატარდა. WAC საჰაერო მოძრაობის კონტროლის ასოციაციასთან (ATCA) თანამშრომლობით,  სამოქალაქო საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ორგანიზაციის (CANSO) მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, კონფერენცია, ვორქშოპები და სხვა აქტივობები.

world atm congress

world atm congress

world atm congress 2014

world atm congress 2014

world atm congress 2014

გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მწარმოებელმა კომპანიებმა და  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს თანამედროვე ტექნოლოგიები და პრობლემის გადაჭრის გზები საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისათვის. სტუმრები გაეცნენ უახლეს ტენდენციებს ამ სფეროში.
მადრიდში, საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესს  საქაერონავიგაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

world atm congress გოჩა მეზვრიშვილი

გოჩა მეზვრიშვილი

კონგრესი 2014

საჰაერო მოძრაობის მართვის კონგრესი

კონგრესი

ერთიანი ევროპული ცა

1993 წელს ევროპაში საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციამ მოსახლეობისთვის ფრენა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო მიმოსვლა.

ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის შეზღუდვამ გადადებული ფრენების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამის მიზეზი, ასევე,  საჰაერო მიმოსვლის მართვის ფრაგმენტულობა და არაეფექტურობა გახდა. საჰაერო სივრცის ეროვნული საზღვრების მიხედვით დაყოფის გამო, ხშირად, პირდაპირი მარშრუტის განხორციელება ვერ ხერხდებოდა, რაც უშუალო კავშირშია საწვავის დაზოგვასთან, ხარჯების შემცირებასა და ეკოლოგიურ ფაქტორებთან.

ევროკავშირის საჰაერო სივრცეში 30 საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერია, მაშინ, როცა ა.შ.შ-ში, რომელსაც დაახლოებით იმავე ზომის საჰაერო სივრცე გააჩნია  – მხოლოდ ერთი. ამიტომაა, რომ ერთი და იმავე დანახარჯით, შტატები ემსახურება ორჯერ მეტ ფრენას ვიდრე ევროპა.

რა არის „ერთიანი ევროპული ცა“ (SES)?

„ერთიანი ევროპული ცა“ ევროკომისიის ამბიციური ინიციატივაა. ეს არის ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ითვალისწინებს საზღვრების რღვევას საჰაერო სივრცეში. SESის მიზანია, ევროპული საჰაერო სივრცის სტრუქტურის არქიტექტურის ცვლილების მეშვეობით,  საჰაერო მიმოსვლის გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალში.

ამ კონცეფციის მიხედვით, ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვისა და სანავიგაციო მომსახურების გაუმჯობესება:

  • გაზრდის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას და შეამცირებს გადადებული ფრენების რაოდენობას.
  • აამაღლებს უსაფრთხოების დონეს, მომავალი გამოწვევების შესაბამისად.
  • 10 %-ით შეამცირებს საჰაერო მიმოსვლის  ზემოქმედებას გარემოზე.
  • დაზოგავს სანავიგაციო მომსახურების საზღაურებს საჰაერო სივრცის მომხმარებელთათვის 50%-ით.

ერთიანი ევროპული ცა

SES I და SES II

„ერთიანი ევროპული ცა“  ორი ძირითადი საკანონმდებლო პაკეტისა  (SES I და SES II) და მთელი რიგი დანართებისაგან შედგება.

SES I საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას ეხება.  გარკვეული წარმატების მიუხედავად, პირველმა პაკეტმა შესაბამისი დონის ცვლილებების განხორციელება ვერ შეძლო.

ამიტომ, 2009 წელს კომისიამ  მეორე საკანონმდებლო პაკეტი SES II შეიმუშავა, რომელიც  შესრულების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გახლავთ. რეგულაცია ამომწურავია და  შემდეგი საკითხებისაგან შედგება:

  • ესრულების სქემა

შესრულების სქემა ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შეიმუშაონ ეროვნული ან ფუნქციური ბლოკის შესრულების გეგმა მითითებულ დროში (2012-2014 წლამდე). ევროკომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ტარიფებთან, გამტარუნარიანობასა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხებს.

ერთიანი ევროპული ცა საკანონმდებლო ბაზა

  •  საჰაერო სივრცის ფუნქციური ბლოკები (FABs)

ფუნქციური ბლოკების  (FABs) ინიციატივა მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის დაყოფას ბლოკებად, რომლებიც მოწყობილია უფრო მეტად საჰაერო მოძრაობის ნაკადების, ვიდრე ეროვნული საზღვრების მიხედვით.

საჰაერო სივრცის ფუნქციური ბლოკები 2012 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა. ის ძირითადი ინსტიტუციური მანქანაა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც შესრულების სქემის მიხედვითაა დაგეგმილი.

საჰაერო სივრცის ფუნქციური ბლოკები

  •  ქსელის მენეჯერი

ევროკომისიის დებულებების მიხედვით, ქსელის მენეჯერი კოორდინირებს ევროპული სამარშრუტო ქსელის დაგეგმვას, საჰაერო მიმოსვლის მართვას, შეზღუდული რესურსების მართვას, საჰაერო ნაკადების კონტროლს, კოორდინაციასა და განაწილებას. ქსელის მენეჯერის ცენტრალიზებული ფუნქციების შესრულება 2019 წლამდე EUROCONTROL-ს ევალება.

ევროკონტროლი ერთიანი ევროპული ცა

  •  საზღაურების რეგულაცია

საზღაურების რეგულაცია წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი მარშრუტის  საზღაურებისა და ტარიფების  ანგარიშების გამჭვირვალობას.

საჰაერო მიმოსვლის ხარჯები

ერთიანი ევროპული ცის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას  SESAR (ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მიმოსვლის მართვის კვლევის პროგრამა) ახორციელებს. მისი მისია ტექნიკური საკითხების გადაჭრის უზრუნველყოფა გახლავთ. SESAR-ის დამფუძნებლები ევროკომისია და ევროკონტროლი არიან. 2008 წელს პროგრამის დეფინიციის ფაზა დასრულდა და ის განვითარების ეტაპზე გადავიდა. 2014 წლიდან SESAR-ის გადაწყვეტილებების რეალური განხორციელება დაიწყება.

დღეისათვის ერთიანი ევროპული ცა ავიაციის მთავარი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე ბევრი რამ უკვე მიღწეულია, თუმცა მისი შენების პროცესი კვლავ გრძელდება. ერთიანი ევროპული ცა ერთადერთი გზაა, რომ ევროპაში მაღალი დონის, უსაფრთხო და ეფექტური საჰაერო მიმოსვლის მართვა განხორციელდეს.

ვიზუალური და სახელსაწყო ფრენის წესები

 ხმელეთსა და ჰაერში თვითმფრინავის გადაადგილების საერთო წესების გარდა, საჰაერო ხომალდის მართვა ფრენისას, ასევე, სახელსაწყო და ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით ხორციელდება.

ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ) ითვალისწინებს ეკიპაჟის მიერ ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და ფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლით, საჰაერო ხომალდებსა და სხვა ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას. მარტივად რომ ვთქვათ,  ვიზუალური ფრენის წესების მთავარი პრინციპია „ხედავ და გხედავენ“.  ვიზუალური ფრენა შესაძლებელია განხორციელდეს ღამითაც, როცა ეკიპაჟი საჰაერო ხომალდის სივრცობრივ მდგომარეობას და ადგილმდებარეობას განსაზღვრავს ვიზუალურად, ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო მანათობელი ორიენტირების მიხედვით.

ვიზუალური ფრენის წესები

ასევე, გამოყოფენ ე.წ განსაკუთრებულ ვიზუალურ ფრენის წესებს. განსაკუთრებული ფრენა გახლავთ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით, სამეთვალყურეო არეში ვფწ-ით შესრულებული ფრენა, სადაც ვიზუალურთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებია. განსაკუთრებული ფრენა ვფწ-ით გამოიყენება სანიტარული დავალებით სასწრაფო ფრენების ან სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად. განსაკუთრებული ვფწ-ით ფრენისათვის დადგენილია სახელმწიფო სიჩქარის შეზღუდვა 260 კმ/სთ (140 კვანძი).

ვფწ-ით ფრენის გადაწყვეტილებას საჰაერო ხომალდის მეთაური კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ღებულობს. ვიზუალური ფრენა ხორციელდება ვიზუალური მეტეოროლოგიურ პირობებში, რაც გულისხმობს კანონმდებლობით დადგენილ მინიმუმს ან მასზე უკეთეს მეტეოროლოგიურ პირობებს, გამოსახულს ხილვადობის სიშორის, ღრუბლებამდე მანძილისა და ღრუბლების ქვედა ზღვრის მანძილის სიდიდეებით. ვიზუალური ფრენა არ ხდება სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში, როცა აღნიშნული სიდიდეები ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისათვის დადგენილ მინიმუმებზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში,  საჰაერო ხომალდი სახელსაწყო ფრენის წესებით გადაადგილდება. სფწ-ით დაფრინავენ თვითმფრინავები ასევე ღამით, როცა ეკიპაჟი საჰაერო ხომალდის სივრცობრივ მდგომარეობას და ადგილმდებარეობას ვერ განსაზღვრავს ვიზუალურად. ვიზუალური ფრენა არ სრულდება  ასევე 195 ეშელონზე მაღლა. საჰაერო ხომალდი  ვფწ-ით არ დაფრინავს A კლასის საჰაერო სივრცეში და სხვა კანონით დადგენილ პირობებში.

ინსტრუმენტული ფრენის წესები

ყოველი საჰაერო ხომალდი სახელსაწყო ფრენის განსახორციელებლად აღჭურვილია სათანადო ხელსაწყოებითა და სააერნაოსნო საშუალებებით. სფწ-ით ფრენა სრულდება ჰაერსა და ხმელეთს შორის ორმხრივი, უწყვეტი კავშირის მეშვეობით.