რა ხდება მაშინ, როცა ფრენისას თვითმფრინავის ყველა ძრავი ითიშება?

უსაფრთოების მიზნით, ფრენის წინ ნებისმიერი თვითმფრინავი გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ისინი  , რომლებიც შორ მანძილზე ან ოკეანეების თავზე დაფრინავენ. შემოწმებას გადის ასევე, თვითმფრინავის ძრავიც, თანაც არაერთხელ.

თვითმფრინავის ძრავის ტესტირება ხდება:

  • ძრავის წარმოების პროცესში;
  • ძრავის თვითმფრინავზე ინსტალაციის პროცესში;
  • თვითმფრინავის შემოწმების, შეკეთების და ინსპექტირების დროს.

ძრავის წარმოების პროცესში შემოწმება ხდება ყინვაზე,  სხვადასხვა ნივთიერებებზე, ქვიშაზე, მტვერზე, წყლის დიდ რაოდენობაზე. თვითმფრინავების ძრავების განვითარების და ტესტირების პროგრამა, რამდენიმე წელი გრძელდება.

არაერთ შემოწმებას გადის თვითმფრინავის ძრავი ინსტალაციის შემდეგაც.

მიუხედავად ამისა, ძრავის დაზიანების ინციდენტებიც ფიქსირდება. ამგვარი ავიაშემთხვევების მიზეზი სხვადასხვაა და იშვიათად ხდება, თუმცა ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია ფრენების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ბევრს აინტერესებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ძრავი ფრენის პროცესში გაითიშა?

თვითმფრინავს ფრენა ერთი ძრავით თავისუფლად შეუძლია.  მაგალითად, Boeing Dreamliner სერტიფიცირებულია ETOPS-330-ით, რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთი ძრავით ფრენა 330 წუთის განმავლობაში შეუძლია.

მართალია, ასეთი შემთხვევბი ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა არსებობს ინციდენტები, როდესაც თვითმფრინავს ყველა ძრავი ეთიშება. მაგრამ, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავი თავისუფალ ვარდნას დაიწყებს.  მას აქვს დრო, (დაახლოებით 20-30 წუთი), რათა განახორციელოს  საავარიო დაშვება.

მაგალითად, 2001 წელს, Air Transit-ის თვითმფრინავს, რომელსაც 293 მგზავრი და 13 ეკიპაჟის წევრი გადაყავდა, ატლანტიკის ოკეანის თავზე ძრავები სრულიად გაეთიშა. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა, რამდგან თვითმფრინავმა ძრავების გათიშვის შემდეგ კიდევ 120 კმ იფრინა და მიაღწია ასაფრენ ზოლს აზორის კუნძულებზე.

2009 წელს შეერთებული შტატების ავიახაზების თვითმფრინავს აფრენიდან მოკლე დროში ორივე ძრავი გაეთიშა ფრინველებთან შეჯახების გამო. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე, დასახლებული ტერიტორიის თავზე მიფრინავდა და პილოტს მანიპულირების საშუალება არ ჰქონდა. ამგვარ კრიტიკულ სიტუაციაში მფრინავმა მდინარე ჰადსონზე დასვა თვითმრინავი და ბორტზე მყოფი 155-ივე ადამიანი გადაარჩინა.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავის მიერ განხორციელებული ფრენის მანძილი და ხანგრძლივობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძრავების გათიშვის შემთხვევაში სამგზავრო კომერციულ თვითმფრინავებს, დაახლოებითკიდევ 20-30 წუთის განმავლობაში 150-ზე მეტი კილომეტრი შეუძლიათ დაფარონ, რაც ძირითადად, საკმარისია საავარიო  დაშვების განსახორციელებლად. ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თვითმფრინავი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია მსოფლიოში.

Advertisements

12 ნოემბერი ინჟინერ/ტექნიკოსთა საერთაშორისო დღე

12 ნოემბერი ავიაციის სფეროში ინჟინერ/ტექნიკოსთა (ATSEP) საერთაშორისო დღეა. როდესაც ვსაუბრობთ ფრენების უსაფრთხოებაზე, ყოველთვის აღვნიშნავთ მფრინავებისა და ავიამეთვალყურეების დამსახურებას, თუმცა ხშირად გვავიწყდება საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების ინჟინერ/ტექნიკოსები,  რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ უსაფრთხო ფრენების განხორციელების საქმეში.

საჰაერო მოძრაობის მართვისას უმნიშვნელოვანესია ტექნიკური უზრუნველყოფა, ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სისტემების სპეციფიკაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია, დაკალიბრება, ორგანიზება და მონიტორინგი. ამ ყველაფერს საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ტექნიკური კომპლექსი უზრუნველყოფს, რომელიც არაერთი სამსახურისაგან შედგება.

ეს სამსახურებია:

  • ოპერატიული მართვის სამსახური;
  • საორგანიზაციო ტექნიკური საქმიანობის სამსახური;
  • ფრენების ელექტრო შუქ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
  • რადიონავიგაციის სამსახური
  • კომუნიკაციების სამსახური
  • რადიოლოკაციის სამსახური
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
  • ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახური
  • შიდა მონიტორინგის ჯგუფი

 

თითოეული ამ სამსახურის გარეშე საჰაერო მოძრაობის მართვა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა.   მაგალითად, რადიოლოკაციის სამსახური საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურებას საიმედო  და ზუსტი რადიოლოკაციური ინფორმაციით უზრუნველყოფს.

senaki

ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ავიამეთვალყურეს  საჰაერო მიმოსვლის მართვის უზუნველსაყოფად ჭირდება, იქნება ეს სალოკაციო ინფორმაცია, მეტეოროლოგიური თუ სხვა, ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში იყრის თავს. ეს უკანასკნელი სალოკაციო და საფრენოსნო ინფორმაციის უწყვეტი და უხარვეზო დამუშავებასა და საჰაერო მეთვალყურეების სამუშაო ადგილებზე ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენა-დაფრენაზე,  რადიონავიგაციის სამსახური ზრუნავს. ეს სამსახური პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე, რომელიც ეხმარება საჰაერო ხომალდს განახორციელოს ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. მაგალითად, ინსტრუმენტალური დაშვების სისტემა (ILS) წარმოადგენს თვითმფრინავის „გზამკვლევს“. ის უზრუნველყოფს, რომ საჰაერო ხომალდმა ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოდ განახორციელოს ზუსტი დაფრენა.

ils1

თვითმფრინავის გზამკვლევია,  ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დამონტაჟებული შუქ-ტექნიკა, რომლის გარეშეც ფრენა წარმოუდგენელია, ღამით და დაბალი ხილვადობის დროს. გარდა ამისა, ფრენების ელექტრო შუქ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური შპს „საქაერონავიგაციის“ ყველა ობიექტის გარანტირებულ  და საიმედო ელექტრო მომარაგებაზე ზრუნავს.

14732309_1541610812523024_2236103391929616780_n

საჰაერო მოძრაობის მართვისას ძირითადი საშუალება რადიოკავშირია, რომელიც წარმოადგენს „მიწა-ჰაერი“-ს ტიპის კავშირს ავიამეთვალყურესა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის, განხორციელებულს ულტრამოკლე ტალღოვან სპექტრულ დიაპაზონში.  მაღალხარისხიანი,  უწყვეტი და საიმედო საავიაციო კავშირებით უზრუნველყოფა შპს „საქაერონავიგაციის“ კომუნიკაციების სამსახურის პრეროგატივაა.

უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, ასევე, ოპერატიული მართვის სამსახურს, რომელიც ტექნიკური კომპლექსის და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურებს შორის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციას და ტექნიკური კომპლექსის ოპერატიული ცვლების მუშაობის კონტროლს უზრუნველყოფს. ოპერატიული მართვის სამსახურის ცვლის უფროსებს უშუალო კონტაქტი აქვთ ფრენების ხელმძღვანელთან. მათი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური ლოკალური ქსელის ინფრასტრუქტურის და ინტერნეტ კავშირის მართვასა და ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

ყველა ამ სამსახურის ცენტრალიზებული და ერთგვაროვანი მუშაობის კოორდინაციას და გაწეული მომსახურების ანალიზს საორგანიზაციო ტექნიკური საქმიანობის სამსახური უზრუნველყოფს. ტექნიკური კომპლექსის სამსახურების საექსპლუატაციო-ტექნიკური დოკუმენტაციის მონიტორინგს კომპანიის შიდა მონიტორინგის ჯგუფი ახორციელებს.

ტექნიკური კომპლექსის ყველა თანამშრომელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. ისინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შპს „საქაერონავიგაციის“ უმთავრესი მისიის, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერით, ინჟინერ/ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებისა და გადამზადების სხვადასხვა კურსებს, რათა მათი პროფესიონალიზმი შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

12 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არსებობენ საავიაციო სპეციალისტები, სამსახურები და ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საჰაერო ხომალდები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ყოველგვარი საავიაციო ინციდენტის გარეშე გადაადგილდნენ. საქართველოს საჰაერო სივრცეში თითოეული უსაფრთხოდ განხორციელებული ფრენა ტექნიკური კომპლექსის თავდაუზოგავი და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგია.

 

მსოფლიოში პირველი დისტანციურად კონტროლირებადი აეროპორტი

ჩრდილოეთ შვედეთში ორნსკოლდსვიკის აეროპორტში (Örnsköldsvik Airport) მდებარე სამეთვალყურეო კოშკი ცარიელია. ტაუერში ავიამეთვალყურეები არ არიან, არა იმიტომ, რომ აქ საჰაერო მოძრაობა არ არის, არამედ იმიტომ, რომ შვედეთი დისტანციური მართვის ახალ სისტემას ტესტავს.

2014 წლის ზაფხულიდან საჰაერო მოძრაობის მართვა აღნიშნული აეროპორტის ტერიტორიაზე 150 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანდსვალის აეროპორტიდან ხდება, სადაც ავიამეთვალყურეებს წარმოდგენილი აქვთ ორნსკოლდსვიკის აეროპორტის 360 გრადუსიანი ხედი. აღნიშნული სისტემა, ასევე, მოიცავს მიკროფონებს, ინფრაწითელ კამერებს, რომელიც გამოიყენება  ნისლის პირობებში, მეტეოროლოგიურ სენსორებს ქარის სიჩქარისა და ატმოსფერული წნევის გასაზსომად და ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ სრულ ინფორმაციას აწვდის ავიამეთვალყურეს.

Remote-Tower-Center-Örnsköldsvik-airport

ორნსკოლდსვიკის აეროპორტში ექსპერიმენტი წარმატებით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ,  სავარაუდოდ,  აღნიშნული აეროპორტი პირველი რადიო კონტროლირებადი აეროპორტი გახდება. ანალოგიური ტესტირებები მიმდინარეობს ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში.

დისტანციური მართვის სისტემა განკუთვნილია პატარა აეროპორტებისათვის, რომლებიც მცირე რაოდენობით ფრენებს ემსახურება. მაგალითად, ორნსკოლდსვიკის აეროპორტში დღეში საშუალოდ 4 რეისი სრულდება. დიდ აეროპორტებში ის შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც სარეზერვო სისტემა ძირითადი სამეთვალყურეო კოშკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. სამხედრო თვალსაზრისით, აღნიშნული სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც ავიამეთვალყურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალება საომარ ზონაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს გაწევრიანება ევროკონტროლში

2014 წლის 1 იანვირდან საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა გახდა. ეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფრენის უსაფრთხოება,  საჰაერო მიმოსვლის მართვის ეფექტურობა და იმ თანამშორმელთა მომზადების დონე, რომლებიც საჰაერო მოძრაობის დაგეგმვასა და მართვის განხორციელების პროცესში უშუალოდ არიან ჩართული.

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია EUROCONTROL მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაში დღეისათვის 40 სახელმწიფო შედის.

EUROCONTROL GEORGIA

EUROCONTROL-ის მისიაა საჰაერო ნავიგაციის მომსახურების ჰარმონიზაცია და ინტეგრაცია ევროპაში უსაფრთხო, დაცული, მოწესრიგებული, სწრაფი და ეკონომიური საჰაერო მოძრაობის დანერგვის მიზნით, თანაც ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ავიაციის გავლენა გარემოზე.

EUROCONTROL-ის როლი ევროპაში უნიკალურია, რადგან, ის ერთადერთი ორგანიზაციაა,  სადაც ევროკავშირისა და სხვა სახელწიფოები ერთად განიხილავენ  ერთიანი ევროპული ცის იმპლიმენტაციის საკითხს.

EUROCONTROL

ორგანიზაციის ცოდნა, გამოცდილება და რესურსები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა:

  • სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა
  • საჰაერო სივრცის მართვა და ორგანიზება
  • საჰაერო მიმოსვლის ნაკადების და გამტარუნარიანობის მართვა
  • ეკონომიკური და ბიზნეს ქეისები
  • საჰაერო მიმოსვლის მართვის ტრეინინგი
  • სამოქალაქო და სამხედრო საჰაერო მიმოსვლის მართვის კოორდინაცია
  • კომუნიკაცია, ნავიგაცია და მეთვალყურეობა
  • ავიაციის გავლენა გარემოზე
  • ადამიანის ქცევა საჰაერო სივრცის მართვაში
  • უსაფრთხოება
  • სიმულაცია
  • სტატისტიკა და პროგნოზები.

ქართულმა მხარემ ევროკონტროლში გაერთიანების შესახებ მემორანდუმს  2012 წლის 5 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი და ორგანიზაციის ოფიციალური წევრი, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ,  2014 წელის პირველი იანვრიდან გახდა. გაწევრიანების ოფიციალური ცერმონია 2013 წლის 3 დეკემბერს გაიმართა.

EUROCONTROL GEORGIA

 

გოჩა მეზვრიშვილი, ნათია მიქელაძე, გურამ ჯალაღონია

EUROCONTROL საავიაციო საზოგადოების მიმართ  რიგ მომსახურებებს უზრუნველყოფს, რომლითაც  საქართველოც, როგორც ევროკონტროლის წევრი ქვეყანა ისარგებლებს.  ეს მომსახურებებია:

  • ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) პროგრამების სისრულეში მოყვანის განვითარება და კოორდინირება

EUROCONTROL ეხმარება წევრ სახემწიფოებს საჰაერო სივრცის დიზაინის კოორდინერებასა და მენეჯმეტში, მეტად ეფექტური საჰაერო მარშრუტის შექმნაში.

Eurocontrol INTERESTING

  • საჰაერო ნაკადებისა და გამტარუნარიანობის მართვა

 მას შემდეგ, რაც საჰაერო მარშრუტები დაგეგმილია, საჭიროა ფრენის შეთანხმება შესაძლებელ გამტარუნარიანობასთან. ეს ძალიან მშნიშვნელოვანი საფეხურია საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში, რადგან მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის ფრენის კონტროლია შესაძლებელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. დაგეგმილი საჰაერო მარშრუტები გააანალიზებული და მომზადებულია სიმჭიდროვის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს ათვისებული საჰაერო სივრცე. ევროკონტროლის ცენტრალური ნაკადების კონტროლის ერთეული (CFMU), ნაციონალური საჰაერო სივრცის კონტროლის ცენტრებთან ერთად, პასუხისმგებელია საჰაერო ნაკადებისა და სიმჭიდროვის მართვაზე კონტინენტის მაშტაბით.

EUROCONTROL ATM

  • საჰაერო ნავიგაციის საზღაურების მოგროვება (CRCO)

EUROCONTROL-ს, ასევე, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სანავიგაციო მომსახურების ტარიფების საკითხის განვითარებაში. 1971 წლის ნოემბერში სააგენტომ წარმოადგინა საზღაურების სისტემა და დააარსა საჰაერო ნავიგაციის საზღაურების ცენტრალური ოფისი (CRCO). საჰაერო ნავიგაციის საზღაურები გახლავთ საფასური, რომელსაც საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებს უხდიან მომსახურებისათვის. CRCO EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოებისათვის აწესებს და აგროვებს საზღაურებს.

EUROCONTROL CHARGES

  •   საჰაერო სივრცის რეგიონულ დონეზე კონტროლი

თვითმფრინავების ერთმანეთისაგან სეპარაციასა და უსაფრთხოებაზე ჰაერში და აეროპორტის ტერიტორიაზე ავიამეთვალყურეები ზრუნავენ. ევროპაში (მათ შორის საქართველოში) საჰაერო მიმოსვლის კონტროლი საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრებიდან ხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლის მართვის განხორციელების მეტი ეფექტურობისათვის, ევროკონტროლის ინიციატივით შეიქმნა ევროპის ერთადერთი მულტინაციონალური საჰაერო მიმოსვლის მართვის ცენტრი მაასტრიხტში, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის ზედა ზონის კონტროლს ბელგიაში, ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში.

ერთიანი ევროპული ცის კონცეფციის მიხედვით, მომავალში საჰაერო მიმოსვლის მართვა განხორციელდება არა ნაციონალურ დონეზე, არამედ რეგიონულ დონეზე.

MAASTRICHT MUAC

 

ევროკონტროლი

 

  • ევროპის საჰაერო მიმოსვლის მართვის (ATM) ახალი ტექნოლოგიებისა და

პროცედურების დანერგვა

ფრენის უსაფთხოებისათვის,  ეფექტურობისა და ეკონომიურიობისათვის EUROCONTROL საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემების,  ტექნოლოგიებისა და პროცედურების დასანერგად მუდმივად ზრუნავს. ის იკვლევს, რამდენად ვალიდურია საჰაერო მიმოსვლის მართვის ახალი ტექნოლოგიები.

ახალი ტექნოლოგიები

  • საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ სწავლება (IANS)

ევროკონტროლის ინიციატივით, ლუქსემბურში საჰაერო ნავიგაციის სერვისების ინსტიტუტი  (IANS) დაარსდა და 1970 წლის 5 იანვარს პირველი კურსიც დაიწყო. IANS-ი  საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებისთვის, სამხედრო წარმომადგენლებისა და EUROCONTROL-ის თანამშრომლებისთვის  საჰაერო მოძრაობის მართვის ხარისხიან ტრეინინგებს ქმნის და ატარებს.

EUROCONTROL IANS

 

 

ATMGE/18

შპს ,,საქაერონავიგაციი’’-ს მასპინძლობით   დღეს  თბილისში  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO)  საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრა  (ATMGE/18)  გაიმართება.  სემინარი სამი დღე გაგრძელდება და მას ICAO-ს რეგიონალური ოფიცერი საჰაერო მოძრაობის მართვის საკითხებში ბატონი სვენ ჰოლი გაუძღვება.

საჰაერო მოძრაობის მართვის ჯგუფის მე-18 შეხვედრას  წარმომადგენლები ცამეტი ქვეყნიდან დაესწრებიან. მონაწილე ქვეყნებს შორის არის  საფრანგეთი, უკრაინა, ბელგია, სომხეთი, ბულგარეთი, ლატვია, ბელორუსია, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ყირგიზეთი და საქართველო. სემინარზე განხილული ქინება ისეთი საკითხები როგორიცაა საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოება გლობალური სისტემების/მონაცემთა ბაზის  ურთიერთმოქმედება, რეგიონალური განვითარების გეგმის მიზნები და პრიორიტეტები. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ახალ სტანდარტებს და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

სემინარი სასტუმრო თბილისი მერიოტში ჩატარდება.