ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი 70 წლისაა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი (EUR/NAT  Office) 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.  EUR/NAT ოფისი უზრუნველყოფს ICAO-ს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის მიწოდებასა და იმპლიმენტაციის მონიტორინგს ორგანიზაციის 56 წევრ ქვეყანაში . (ICAO მსოფლიო მასშტაბით 191 წევრ ქვეყანას აერთიანებს). რეგიონალური ოფისის მიზანია ფრენის უსაფრთხოების ამაღლება, საავიაციო აქტივობების ეფექტურობის გაზრდა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.

ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი 1946 წელს პარიზში დაარსდა. ჩიკაგოს კონვენციის ყველა ხელმომწერ ქვეყანაში რატიფიცირებამდე, (1947 წ) დროებითმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო  ორგანიზაციამ (PICAO) საფრანგეთის დედაქალაქში რეგიონალური ორგანო შექმნა, რომელსაც  შემდგომში ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონალური ოფისი ეწოდა.

EUR/NAT  ოფისი აკრედიტირებულია საქართველოშიც და მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურებთან, მათ შორის შპს „საქაერონავიგაციასთან.“  2013 წელს კომპანიის მოწვევით, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ოფისის რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა დე ალმეიდა ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.  2016 წლის ოქტომბერში თბილისი ICAO-ს EUR/NAT  რეგიონალურ შეხვედრას (RDGE/25) უმასპინძლებს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)

 საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ  1944 წლის ნოემბერში ჩიკაგოს კონფერენციაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დადება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) დაარსება განაპირობა (1947 წელი).

ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და შესაბამისად,  ICAO-ს საქმიანობის ძირითადი მიზანი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ განვითარება და თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გონივრულად და მომჭირნედ განხორციელებაა. ICAO-ს მიერ შემუშავებული და მიღებული ტექნიკურ-იურიდიული რეკომენდაციების  მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის ტექნიკურ-იურიდიული ეტალონებს წარმოადგენს, რომლებსაც  მორალურ-პოლიტიკური და არა იურიდიული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო, რომელიც ეთანხმება ამა თუ იმ სტანდარტს, რეკომენდებულ პრაქტიკას ან წესებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მათი უარყოფა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. თუმცა,  ვინაიდან ICAO-ს  ტექნიკურ-იურიდიული მითითებები უმეტესად  საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას იძლევა, სახელმწიფოები ცდილობენ ზედმიწევნით შეასრულონ ისინი. მათი შესრულებისაგან თავის არიდება გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებას.

ICAO-ს  შვიდი რეგიონალური ოფისი აქვს, რომელიც ცხრა რეგიონს განაგებს:

1. აზია და წყნარი ოკეანე, ბანგკოკი, ტაილანდი
2. ახლო აღმოსავლეთი, კაირო, ეგვიპტე
3. დასავლეთ და ცენტრალური აფრიკა, დაკარი, სენეგალი
4. სამხრეთ ამერიკა, ლიმა, პერუ
5. ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვა, მეხიკო, მექსიკა
6. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკა, ნაირობი, კენია
7. ევროპა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანე, პარიზი, საფრანგეთი

IATA

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) 1945 წელს კუბაში, ჰავანაში შეიქმნა, როგორც მსოფლიო ავიაკომპანიების საერთაშორისო კორპორაცია. შექმნის დღიდან ორგანიზაცია საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, სანდოობასა და ეკონომიურობაზე ზრუნავს.

iata

დღეისათვის  IATA საავიაციო ინდუსტრიას სხვადასხვა სფეროში უჭერს მხარს. 2012 წლიდან  ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტები საავიაციო უსაფრთხოება, უშიშროება, გარემო და ხარჯები გახლავთ.  ის მსოფლიოს 118 ქვეყნის 240 ავიაკომპანიას აერთიანებს.

IATA-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობა მოსკოვში მდებარეობს, რომელიც  რეგიონის მაშტაბით ავიაკომპანიებთან, სახემწიფო ორგანოებთან, აეროპორტებთან და საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერებთან ურთიერთობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, უკრაინა და საქართველო) IATA საჰაერო ტრანსპორტის სფეროში საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისად  მოქმედებს.

იატა

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია  მსოფლიოს მაშტაბით უამრავ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის მართვის ჰარმონიზაციისა და სანავიგაციო ხარჯების შემცირებისაკენ მიმართულ პროგრამებს.