შპს “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ხარისხის პოლიტიკა “EUROCONTROL”-მა სასწავლო პროგრამაში შეიტანა

სააერნაოსნო ინფორმაციის მენეჯმენტს სამოქალაქო ავიაციისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს სამსახური ამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას აეროდრომებზე, ფრენის წესებზე, საჰაერო ტრასებზე, რადიოტექნიკურ საშუალებებზე და ა.შ., რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრენების დაგეგმვისთვის, შესრულებისა და მართვისთვის.

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარობისა და ეფექტურობის მიზნით, უზრუნველყოს სააერნაოსნო მონაცემთა ნაკადის მართვა.

1

2

2013 წლის 4-7 ივნისს,  შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურში ჩატარდა სასერთიფიკაციო აუდიტი ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე. აუდიტი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “Bureau Veritas Certification”-მა ჩაატარა. აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი 3 წლის ვადით მიენიჭა.

“Bureau Veritas Certification”-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, სერთიფიკატის შენარჩუნება ყოველწლიურ შემოწმებაზე იყო დამოკიდებული. 2015 წელს, ჩატარდა საბოლოო საზედამხედველო აუდიტი, რომლის შედეგად არ გამოვლინდა არცერთი ნაკლოვანება და შენიშვნა და შპს “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო სამსახურმა სერთიფიკატი 2016 წლამდე ანუ მომდევნო აუდიტის ჩატარებამდე შეინარჩუნა.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ “საქაერონავიგაციის” სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ხარისხის პოლიტიკა, როგორც საჩვენებელი მაგალითი, “EUROCONTROL”-ის აერონავიგაციის ინსტიტუტის (IANS) სასწავლო პროგრამაში არის შეტანილი.

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის საერთაშორისო დღე

ანექსი 151953 წლის 15 მაისს, სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების განყოფილების პირველი სესიის რეკომენდაციით, საჰაერო ნავიგაციის კომისიამ სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის პირველი კომპლექტი მიიღო, როგორც დანართი 15 – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები. აღნიშნული დანართი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, რეგულაციისა და და ეფექტურობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას ითვალისწინებს.

მას შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, 15 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის საერთაშორისო დღე.

დანართი 15 – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები

ICAO-ს მიერ შემუშავებული სტანდარტები და რეკომენდირებული პრაქტიკა ჩიკაგოს კონვენციის ცხრამეტ ტექნიკურ დანართშია თავმოყრილი. ისინი საყოველთაოდ გამოიყენება და ყველასათვის ერთგვაროვანია, რაც საშუალებას აძლევს საავიაციო ინდუსტრიას  უსაფრთხო, თანმიმდევრული და ეფექტური გზით განვითარდეს.

საშუალებები, რომლითაც სააერნაოსნო ინფორმაციის შეკრება და მართვა ხდება, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონცენციის მე-15 დანართით რეგულირდება. სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისს, სამოქალაქო ავიაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია, სააერნაოსნო საინფორმაციო ნაკადის ერთგვაროვანი და თანმიმდევრული მოწოდება, რათა დაკმაყოფილებული იქნეს საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური ოპერაციული გამოყენება.

სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები

პირველი მოთხოვნები, სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების შესახებ, წინასწარი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (PIACO) საჰაერო ნავიგაციის კომიტეტმა შეიმუშავა. 1947 წლის 7 იანვარს  PIACO-ს საბჭომ პირველი პროცედურები დაამტკიცა. წევრ სახელმწიფოებს, სადაც საჰაერო ნავიგაციის შეხვედრები ჩატარდა, დაევალათ, რომ NOTAM-ების (Notices to Airman) საერთაშორისო გავცლის დანერგვა და იმპლიმენტაცია შეძლებისთანავე დაეწყოთ. NOTAM პროცედურები სხვა წევრ ქვეყნებშიც  გავრცელდა, რათა მისი მიღება მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყოფილიყო  შესაძლებელი.

NOTAM სისტემა  ისეთივე პრინციპით შეიქმნა, როგორიც არის შეტყობინება მეზღვაურებისათვის (Notices to Mariners). ეს უკანასკნელი, მეზღვაურებს  იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ატყობინებს, რომლებიც სანავიგაციო უსაფრთხოებაზე ახდენენ გავლენას. ანალოგიურად,  NOTAM არის შეტყობინება, რომელიც  სატელეკომუნიკაციო გზით ვრცელდება და რომელიც  ინფორმაციას ნებისმიერი სააერნაოსნო დაწესებულების, სერვისის, პროცედურის მდგომარეობის, ცვლილების ან დაწესების შესახებ  შეიცავს.  ამ ინფორმაციის  დროული მიღება აუცილებელია პერსონალისათვის, რომელიც  ფრენის ოპერაციებს ახორციელებს.

notam ნოტამი

1949 წლის 14 აპრილს ICAO-მ სპეციალური NOTAM შეხვედრა გამართა. ეს ICAO-ს მიერ ორგანიზებული სააერნაოსნო ინფორმაციის გავრცელების სტანდარტიზაციის შესახებ გამართული პირველი შეხვედრა იყო. მისი ძირითადი შედეგი კომპლექტი „საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროცედურები – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების“ (PANS-AIS) შემუშავება გახლდათ. (შეიცვალა „საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროცედურები – საერთაშორისო NOTAM სერვისები). პროექტი PANS-AIS  NOTAM-ების გამოქვეყნების და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისში გავრცელების პრინციპებსა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამომავლო პრობლემების დამუშავებას ითვალისწინებდა. პროცედურების გამოყენება 1951 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

პარალელურად, ICAO-ს კომუნიკაციების განყოფილებამ საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის (AFTN) დაარსების პრინციპები შეიმუშავა. მისი მიზანი შეტყობინებებისა და მონაცემების  სააერნაოსნო სადგურებს შორის გაცვლა გახლდათ, რომელთაც ერთნაირი ან თავსებადი საკომუნიკაციო მახასიათებლები ექნებოდათ.

1952 წლის 19 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებული სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისების განყოფილების პირველი სესიის რეკომენდაციით, საჰაერო ნავიგაციის კომისიამ  1953 წლის 15 მაისს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის პირველი კომპლექტი მიიღო, როგორც დანართი 15 – სააერნაოსნო ინფორმაციის სერვისები. აღნიშნული დანართი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებისთვის, რეგულარობისა და ეფექტურობისათვის აუცილებელი ინფორმაციის გამოქვეყნებას ითვალისწინებს. იგი  1954 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში და PANS-AIS შეცვალა.

მას შემდეგ, 15-ე დანართმა საჰაერო მოძრაობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მრავალი ცვლილება განიცადა. სააერნაოსნო ინფორმაციის როლი და მნიშვნელობა ინტერნეტის ეპოქაში მკვეთრად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ტრადიციული სააერნაოსნო ინფორმაციის მომსახურებები (AIS)  განვითარდა და ახლა უფრო ფართო კონცეფციაზე გადადის, როგორიცაა სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა (AIM). თუმცა, ეს სწრაფი პროცესი არ არის და ICAO-ს წევრი ქვეყნების მიერ შესაბამის მომზადებასა და ტექნოლოგიების დანერგვას მოითხოვს. ასევე დაგეგმილია AFTN-ის (საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელი)  ჩანაცვლება AMHS-ით (სააერნაოსნო შეტყობინების დამუშავების სისტემა). ეს პროცესები  დღეისათვის უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საინფორმაციო რესურსი: http://www.icao.int/

ICAO FPL 2012 პრეზენტაცია

დღეს  შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ბრიფინგ ოფისებში თბილისსა და ბათუმში  ICAO FPL 2012 -თან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მიზანი მომსახურე პერსონალისთვის იმ ცვლილებების გაცნობა იყო, რაც 2012 წლის ნოემბრიდან იგეგმება. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმში ICAO-ს ეგიდით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე  სარეისო გეგმის (FPL) თითოეული პუნქტის განხილვა და ცვლილებების გაანალიზება მოზდა. პერსონალისთვის, რომელსაც უშუალოდ უწევს სარეისო გეგმების დამუშავება და უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების კარგად გაცნობა და შესწავლა. ეს ცვლილებები გამოიწვია იმ სანავიგაციო თუ საფრენი მოწყობილებების გაუმჯობესებამ, რომელიც XXI საუკუნის რეალობაში გვაქვს. ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე ეხება უფრო დეტალურ მონაცემებს გაფრენისა თუ დაფრენის აეროდრომებისთვის და საფრენი აპარატის მოწყობილობების ჩამონათვალს.

2012 წლის 15 ნოემბრიდან აღნიშნული ცვლილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევა ძალაში და დღეს არსებული ფორმატით შედგენილი სარეისო გეგმა ჩაითვლება ძალადაკარგულად. ICAO-ს მოთხოვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არის გარდაუვალი და უსაფრთხო ფრენებისთვის განპირობებული.

AIS და BUREAU VERITAS

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური (AIS) ერთ-ერთ წამყვან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში, რომლის ამოცანაა სააერნაოსნო მონაცემების დამუშავება და გავრცელება საერთაშორისო აერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარობის და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით. შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური აქტიურად მუშაობს ინფორმაციის ხარისხიანი უზრუნველყოფისთვის, რათა სერვისი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი, სანდო და ეფექტური იყოს. სამსახურში ამჟამად მიმდინარეოს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, რომელშიც კომპანია „BUREAU VERITAS“ იღებს მონაწილეობას. კომპანია „BUREAU VERITAS“-ი დაარსდა 1828 წელს, როგორც მრავალდარგოვანი საზოგადოება. მისი ცენტრალური შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში.

საერთაშორისო ავტორიტეტს და ფართო აღიარებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 126 ქვეყნის მთავრობას დელეგირებული აქვს BUREAU VERITAS-ისთვის თავისი უფლებამოსილება სერთიფიკაციის, ინსპექტირების, მეთვალყურეობის და კლასიფიკაციის სფეროებში.

კომპანია „BUREAU VERITAS“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქაერონავიგაციაში და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მთელ შემადგენლობას თბილისსა და ბათუმში ჩაუტარეს ტრეინინგი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

ტრეინინგი საკმაოდ საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა პერსონალისთვის. მისი უმთავრესი მიზანი იყო გაცნობოდა პერსონალი თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის როლი ერთიანი ხარისხიანი სერვისისთვის. „BUREAU VERITAS“-ის წარმომადგენლებმა კარგი შთაბეჭდილებებით დატოვეს საქაერონავიგაცია და დადებითი შეფასება მისცეს პერსონალის მუშაობასა და სამსახურის მიმართულებას.