10 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო ინტერვენციამ თავისი მძიმე კვალი საქაერონავიგაციის ისტორიაშიც დატოვა.

11 აგვისტოს 03:37:57 საათზე, ქვიშიანას მთაზე მდებარე პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სისტემის ანტენაზე რუსეთის სამხედრო საჰაერო ხომალდის მიერ მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სრულიად განადგურდა რადიოსალოკაციო სადგური.

სარადარო სისტემის განადგურების შემდეგ, ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს გარკვეული დროის განმავლობაში ვიზუალიზაციის გარეშე უწევდათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს იერიში არამარტო სანავიგაციო რადიოლოკატორზე, არამედ უშუალოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრზეც მიეტანა, საქაერონავიგაციის ყველა თანამშრომელი საკუთარ სამუშაო ადგილზე დარჩა, მათთან ერთად იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის 11 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ოკუპირებული იყო შპს „საქაერონავიგაციის“ სენაკის მეორადი სალოკაციო სადგური MSSR, რომელიც მდებარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს N2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სენაკში. ცამეტი დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს დატყვევებული ჰყავდათ საქაერონავიგაციის 5 თანამშრომელი. 18 აგვისტოს 15:15 საათზე ძალის გამოყენებით მოხდა მეორადი რადიოლოკატორის გათიშვა. 21 და 22 აგვისტოს საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტის ძარცვა.

საომარი მოქმედებების შედეგად გაიძარცვა და განადგურდა შპს “საქაერონავიგაციის” კუთვნილი 4 000 000 ლარის ღირებულების ქონება.

მალევე, საქაერონავიგაციამ რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული სისტემები ფრანგული კომპანია THALES-ის ახალი რადიოლოკატორით ჩაანაცვლა.

Advertisements

ევროპასა და საქართველოში ივლისში რეკორდული რაოდენობის ფრენა დაფიქსირდა

ევროკონტროლის ქსელის მასშტაბით, რომელშიც საქართველოც შედის, ისტორიაში პირველად, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ფრენა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. ივლისში ევროპის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 35 000 ფრენა სრულდებოდა. მემილიონე ფრენა 31 ივლისს, შუადღისას შესრულდა.

საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენების რაოდენობის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა 2017 წლის 28 ივლისს. შპს “საქაერონავიგაცია” ამ დღეს 537 ფრენას (ინსტრუმენტალური + ვიზუალური ფრენები) მოემსახურა. ფრენების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება არამარტო ივლისის თვეში, არამედ გასული 6 თვის განმავლობაში. საქართველოში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით არის გაზრდილი.


„ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა ფრენების რეკორდულ რაოდენობას ემსახურება. ეს კი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პან-ევროპული ქსელის მიდგომა დატვირთული საჰაერო სივრცეების სამართავად. ევროკონტროლი, როგორც ქსელის მენეჯერი მთელი ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთაც მუშაობს პარტნიორებთან, რათა წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი მგზავრის ეფექტური გადაადგილება უზრუნველყოს.“ -აცხადებს ქსელის მენეჯერის დირექტორი ჯო სულთანა.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია შპს “საქაერონავიგაციის” მეტეოროლოგიურ სამსახურში

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის და ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეტეოროლოგიურ ოფისებში, ფრანგული კომპანია COROBOR SYSTEMS-ის მიერ MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებული ვერსია დამონტაჟდა.

ბადრი ჯიჯელავა

სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტეოროლოგიური ბანკებიდან  როგორც ფაქტიურ, ასევე პროგნოსტიკულ, საეროდრომო და სატრასო მეტეოროლოგიურ შეტყობინებებს იღებს. სისტემა ინგლისში არსებული მეტეოროლოგიური დანიშნულების სერვერიდან (SADIS-დან) იღებს NWP – ციფრულ პროგნოსტიკულ მოდელებს, რომელიც მნიშვნელოვანი ასპექტია საეროდრომო/სატრასო პროგნოსტიკული შეტყობინების შესადგენად.

ICAO-ს მესამე დანართის მოთხოვნების შესაბამისად, სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს საეროდრომო პროგნოზების (TAF) შემოწმებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიის და სამომავლოდ ამბროლაურის აეროპორტებისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელიდან ავტომატურ რეჟიმში იღებს საფრენოსნო გეგმებს და საფრენოსნო გეგმების საფუძველზე ქმნის წინასაფრენონსნო მეტეოოროლოგიურ ინფორმაციას – ე. წ. საფრენოსნო საქაღალდეს, გარდაქმნის მას რა PDF ფორმატში აგზავნის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სინოპტიკოსებს წინასწარ განსაზღვრულ ელ-ფოსტაზე.

MESSIR AERO-ს პროგრამული უზრუნველყოფის აღნიშნული ფუნქციები აადვილებს პროგნოზების შედგენას, ამაღლებს პროგნოზების გამართლების მაჩვენებლებს, ავითარებს თვითკრიტიკას, აადვილებს ეკიპაჟის ოპერატიულ მომსახურებას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომის ფაქტორი. აღნიშნული სისტემის ოპერირება სამომავლოდ აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურ სამსახურში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა და  2017 წელს ჩატარებული აუდიტის საფუძველზე სამსახურს ISO 9001:2015 სერთიფიკატი გადაეცა. ხარისხის მართვის სისტემა გულისხმობს სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების პერმანენტულ კონტროლს, ამცირებს რისკებს და რაც მთავარია, ხელს უწყობს მომსახურების მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის თბილისში, ქვიშიანას ნიშნულ 1100-ზე დამონტაჟებული მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი, რომელიც საქართველოს საშუალებას აძლევს მოსაზღვრე ქვეყნებთან გაცვალოს მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის ხარისხს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში (FIR).

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა

2017 წლის 4 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. 4 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ 7%-ით მეტია.

2017 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 12 989 259 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 574 953 კმ-ით მეტია.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უმაღლესი სტანდარტის სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის კიდევ უფრო ამაღლება და  ამ ტენდენციის შენარჩუნება.”, – აცხადებს შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

შპს “საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

 

იხილეთ ინფოგრაფიკა:

 

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის საათებში ფრენა შეიზღუდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღის საათებში ფრენა 4 თვის განმავლობაში შეიზღუდება.

1 მარტიდან 26 მარტამდე ფრენები შეიზღუდება  დილის 09:30-საათიდან  შუა დღის 03:00-საათამდე, ხოლო 27 მარტიდან 1  ივლისამდე: დილის 10:30-საათიდან საღამოს 08:00-საათამდე.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული, უმაღლესი სტანდარტების ასაფრენი ზოლი და მოდერნიზებული სამიმოსვლო ბილიკების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ახალი ავიაკომპანიების ბაზარზე შემოსვლას, ასევე, მგზავრთნაკადის სამომავლო ზრდას.  განახლებული ასაფრენი ზოლი შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება.