შპს “საქაერონავიგაცია” 2016 წელს

2016 წელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციისათვის“ ინოვაციებისა და წარმატებული პროექტების წელი იყო. ფრენების მუდმივი ზრდის ტენდენცია კომპანიამ გამოწვევად მიიღო და გასულ წელს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის შუქ-ტექნიკური სისტემების რეაბილიტაცია, საჰაერო სივრცის დაზღვევა, თანამედროვე მეტეო რადიოლოკატორის დამონტაჟება, ახალი ავიამეთვალყურეების შერჩევა და სხვა.

  • დაზღვეული საჰაერო სივრცე

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევაა. აღნიშნული პროექტი  თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტო და ამავდროულად, უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აქტია, რომელიც საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს საქართველოს საჰაერო სივრცეში შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში, რაც შესაბამისად ქვეყნისთვის უდიდესი მატერიალური რესურსის დაზოგვას გულისხმობს.

საჰაერო სივრცის დაზღვევა

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-ტექნიკური სისტემების რეაბილიტაცია

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად განახლებული და მოდერნიზებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ICAO-ს სტანდარტების მეორე კატეგორიის შუქ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი  და სამიმოსვლო ბილიკები აქვს.  საქაერონავიგაციამ განათების სისტემას 800 სანათი დაამატა და ახლა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და სამიმოსვლო ბილიკებს სულ 1500-ზე მეტი სანათი ანათებს. განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს. აგრეთვე მოიმატებს უსაფრთხოების დონე აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მანევრირებისას.

ასაფრენი ზოლის განათება

  • ICZ(ALES) –ის სარეზერვო სისტემა თბილისში

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში ჩეხურმა კომპანია ICZ(ALES)-მა საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო სისტემა დაამონტაჟა, რომელიც კიდევ უფრო დაცული გახადა საქართველოს საჰაერო სივრცეს, რომელიც უკვე სამმაგად იქნება დაცული ნებისმიერი ტექნიკური შეფერხებისგან. ჩეხური წარმოების სარეზერვო სისტემამ ჩაანაცვლა  ამერიკული წარმოების სარეზერვო სისტემა, რომლის ექსპლუატაციის ვადა 2016 წლის ბოლოს ამოიწურა.

სიმულიატორი

  • INDRA-ს სარეზერვო სისტემა ქუთაისში

სარეზერვო სისტემა დამონტაჟდა ასევე ქუთაისშიც. ეს არის ძირითადი სისტემისგან დამოუკიდებელი რეზერვი, რომელიც უკვე სრულად გამორიცხავს სამუშაო პროცესის შეფერხებას. სარეზერვო სისტემა ქუთაისში  კომპანიას აძლევს საშუალებას, თბილისის ძირითადი საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაში (სტიქიური უბედურების ან გაუთვალისწინებელი ვითარების დადგომის დროს), შეყოვნების გარეშე გააგრძელოს საჰაერო ხომალდების სააერნაოსნო მომსახურება. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრი საქართველოში პირველად შეიქმნა და ის თავისი ფუნქციით უნიკალურია. ზოგადად, თავისი ადგილმდებარეობითა და კლიმატური თვისებებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იდეალური სარეზერვო აეროპორტია არა მარტო თბილისისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქუთაისის აეროპორტს აქვს შესაძლებლობა, რომ სატრანზიტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი წერტილი გახდეს. ასე რომ, აქ საჰაერო მოძრაობის მართვის სარეზერვო ცენტრის გამართვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც არის მნიშვნელოვანი.

ქუთაისი

  • რადიოსადგურების სისტემა კახეთში

2016 წლის მაისში შპს „საქაერონავიგაციამ“ კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა, რომლის მეშვეობითაც დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივი კავშირის დაამყარება პირველად გახდა შესაძლებელი. ცივ გომბორის მთიანი მასივი თბილისსა და კახეთს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებაში ბარიერს ქმნიდა და ამ ზონაში მფრენ მცირე ზომის ხომალდებთან დასაკავშირებლად 10-15 წუთი იყო საჭირო. ამგვარი კავშირის არსებობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თავდაცვის სამინისტროს სსტც „დელტამ“  სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი აამოქმედა.

 

  • ხმოვანი კავშირის ახალი სისტემა

გასული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, ასევე, ხმოვანი კავშირის ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც შპს „საქაერონავიგაციამ“ იტალიური კომპანია “S.I.T.T.I. S.p.A”-სგან შეიძინა. უმაღლესი სტანდარტის, ახალი ხმოვანი კავშირის სისტემა შპს „საქაერონავიგაციას“ საშუალებას მისცემს უმოკლეს დროში პირდაპირი კავშირი დაამყაროს ავიამეთვალყურესა და მფრინავს შორის და კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს ფრენების უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში.

logo_sitti

  • INDRA-ს სიმულატორი

საჰაერო მიმოსვლის მართვის პროცესში ავიამეთვალყურეთა მაღალი კვალიფიკაცია უმთავრესია. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქოს უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამის გამო, ავიამეთვალყურეთა პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა. მეთვალყურეები მუდმივ წვრთნას გადიან იმისათვის, რომ მოულოდნელი სტრესული სიტუაცია, სადაც უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, მათთვის სულაც არ აღმოჩნდეს უცხო და დამაბნეველი. ამიტომ, თეორიული ცოდნის გარდა, ავიამეთვალყურეები პერიოდულად პრაქტიკულ სწავლებას გადიან, რაც სიმულატორთან მუშაობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ისინი, ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში მუშაობენ, სიმულირებულ მართვის პულტთან და საკუთარ თავზე გამოცდიან ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩდნენ.

გასულ წელს,  შპს „საქაერონავიგაციამ“ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრში ექსპლუატაციაში მიიღო ესპანური კომპანია „INDRA SISTEMAS S.A” -ს წარმოების სიმულატორი, რომელიც სრულიად შეესაბამება, როგორც საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, ასევე საქართველოს ერთიანი ცის იმპლიმენტაციის გეგმას. INDRA-ს წარმოებული სისტემა თანამედროვე საჰაერო მოძრაობის მართვის ფუნქციებსა და დახვეწილ ინტერფეისს აერთიანებს. ესპანური კომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგს გაუწევენ სწავლების პროცესს.

გოჩა მეზვრიშვილი

  • ახალი ავიამეთვალყურეები

ფრენების გაზრდილი რაოდენობის გამო, „საქაერონავიგაციამ“ დამატებითი ავიამეთვალყურეების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. რომლის საფუძველზეც შერჩეული იქნა 12 ავიამეთვალყურე –  7 თბილისში, 5 რეგიონებში. კონკურსში გამარჯვებულები პროფესიას ჩეხეთში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საავიაციო უნივერსიტეტში ეუფლებიან.

შპს „საქაერონავიგაციამ“ ვაკანსია გამოაცხადა  საჰაერო მოძრაობის მართვის (AFIS) ოპერატორის პოზიციაზეც ამბროლაურის აეროპორტში, რომლის საფუძველზეც შეირჩა  4 კანდიდატი. ავიამეთვალყურეების მსგავსად, ისინიც ჩეხეთის საავიაციო სასწავლებელში გაივლიან სწავლებას.

აეროპორტის განათება

  • RDGE/25

2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა „საქაერონავიგაციის“ საქმიანობაში საჰაერო მოძრაობის მარშრუტების განვითარების ჯგუფის (RDGE) 25-ე საიუბილეო შეხვედრა იყო. ოქტომბერში კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 70-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა. RDGE 25 – ს იკაოს ევროპულ ბიუროში შემავალი ყველა ქვეყნის დელეგატი დაესწრო, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ასევე იკაოს სამი ოფისის (ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის) წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა – მეტად განავითაროს საავიაციო ინდუსტრია ქვეყანაში, წარმატებული და შედეგიანია.

ICAO-ს პარიზის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა ლუის ფონსეკა დე ალმეიდამ შპს “საქაერონავიგაციის” გენერალურ დირექტორს გოჩა მეზვრიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში საქაერონავიგაციამ ევროპული ბიუროს ქვეყნებს სამი ახალი მარშრუტი შესთავაზა. ახალი საჰაერო მარშრუტები გააერთიანებს ჩვენი რეგიონის რამდენიმე ქვეყანას და რეგიონალურ ჭრილში მოიზიდავს უფრო მეტ ავიაკომპანიას.

icao-letter

  • ფრენების გაზრდილი რაოდენობა

2016 წელს შპს “საქაერონავიგაცია” 128 126 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 6 %-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა, საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი (24 480), ასევე სატრანზიტო რეისების (97 691) რაოდენობაც.

“საქაერონავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შდეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთის.

ევროკონტროლის მონაცემებით, ფრენების რაოდენობის ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდება. ეს ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს კომპანიას. სწორედ ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება უახლესი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების ექსპლოატაცია და თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის მუდმივი ზრდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s