საქართველოს სამოქალაქო ავიაციამ დამოუკიდებლად 1993 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პირველი საერთაშორისო რეისი ისრაელში განხორციელდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურა ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემიდან შეიცვალა მსოფლიო პრაქტიკაში არსებული სტრუქტურის მსგავსად – შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოპერატორები და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო – საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი. დარგის ეკონომიკური მართვა და რეგულირება თანდათან ექვემდებარებოდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, კერძოდ საკუთრების ფორმის თავისუფალი შერჩევის შესაძლებლობას; ფასწარმოქმნის თავისუფლებას; კონკურენტული გარემოს შექმნას. სამოქალაქო ავიაციის სისტემის ორგანიზაციული და ეკონომიკური რეფორმა ხორციელდებოდა ოთხი მიმართულებით: ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება. საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შესაქმნელად დაიწერა ჯერ საქართველოს საჰაერო დეკრეტი, რომლის შემდეგაც მიღებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის მთავარი კანონი – საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განხორციელდა «საქაერონავიგაციის» რეორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების მომსახურებას.
1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოში მსოფლიოს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და მრავალი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის 287 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
2005 წლის 13 აპრილს – საქართველო გახდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრი (ECAC). საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის 599 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
2007 წლის იანვარში საქართველო გახდა GAA-ს (გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებები) წევრობის კანდიდატი. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის ბრძანებით შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.
2007 წლის თებერვალში გაიხსნა «თბილისის საერთაშორისო აეროპორტის» ახალი შენობა, საიდანაც რეგულარული რეისები სრულდება ევროპისა და აზიის 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით. 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სრულდება რეგულარული ფრენები სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით. უახლოეს მომავალში დაიწყება რეგულარული რეისები ევროპა-აზიის მიმართულებებითაც. მსოფლიოს 24-მდე ქვეყანასთან დადებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებები/ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რაც წარმოადგენს რეგულარული საერთაშორისო ფრენების სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კუთხით შემუშავდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ახალი მოდელი, რომლის შესაბამისადაც გაფორმდა შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: თურქეთი (ძალაშია), უკრაინა (რატიფიცირებულია), დიდი ბრიტანეთი (პარაფირებულია), ჩეხეთი (პარაფირებულია) და ჩინეთი (ექსპერტების დონეზეა). ზემოაღნიშნული მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ და სამომავლოდ გასაფორმებელ შეთანხმებებზე.
Source: uta.gov.ge
ქართული ნავიგაციის ისტორია
საქართველოს საჰაერო ნავიგაცია ათვლას იწყებს 1923 წლის 10 მაისიდან, როდესაც შესრულდა პირველი კომერციული რეისი სააქციო საზოგადოება “ზაკავიას” მეირ თბილისი-მანგლისის მიმართულებით ( მეთაური შპილი, ბორტტექნიკოსი-საღარაძე). 1924 წლიდან დაიწყო რეისები თბილისი ბაქოს მიმართულებით. შემდეგ იყო საბჭოური სისტემა, იყო სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო მოსკოვში, რესპუბლიკებში კი სამმართველოები. აეროპორტი და ნავიგაცია იყო ერთი სამსახური, რომელიც ექვემდებარებოდა ფრენების ხელმძღვანელს. რეისები სრულდებოდა საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკის მიმართულებით. 1993 წელს გაიყო აეროპორტისა და ნავიგაციის ფუნქციები და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება “საქაერონავიგაცია”, 1999 წლის თებერვლიდან კი ის გახდა შპს.
ალბათ გახსოვთ როგორი იყო პოსტ საბჭოური საქართველო, იყო სიცივე, უშუქობა, არავითარი გაზი, კერასინზე მიშვერილი ხელისგულები ჩქარობდნენ თვითმფრინავის გასაქმენდად-საქართველოში არ შეჩერებულა ფრენები.
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი-ეს იმ აეროპორტების ჩამონათვალია სადაც სრულდებოდა რეისები T134, IL18, AN2, YK40, L410, AN2, AN12 ტიპის საჰაერო ხომალდებით სხვადასვა ქვეყნების მიმართულებით. თუმცა მაშინ არ იყო უსაფრთხოების მაღალი ნორმები, განსაკუთრებით ბათუმსა და ქუთაისში, არ იყო არანაირი ნავიგაციის შენობა, ასაფრენ ბილიკზე შინარი ცხოველები დასეირნობდნენ, ხანდახან თვითმფრინავის ბორბლები ნაკელით ისვრებოდა, განათება კი თავწატეხილი შამპანიურის ბოთლით ხდებოდა, სადაც პატარა ნათურა იყო ჩადებული.
შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს საჰაერო ნავიგაციის აღმავლობაში. საქაერონავიგაციამ 2002 წელს შემოიერთა ქუთაისი, 2007 წელს კი ბათუმი, და დღეს საქართველოს სამ უდიდეს აეროპორტს აქვს უახლესი და ძვირადღირებული სანავიგაციო სისტემები.








